გაზეთი „პრაიმტაიმის" ცნობით, 24 ივლისს სასჯელაღსრულების ქსნის დაწესებულებასთან ახალგაზრდა ადვოკატი ქალბატონი საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის მოსანახულებლად აპირებდა შესვლას. ლიზა მ.-ს ციხეში შესვლამდე შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდა, რამდენიმე წუთში კი ადვოკატს ციხის შესასვლელთან აპატიმრებენ. აღმოჩნდა, რომ მას ქსნის ციხეში მყოფ პატიმართან ნარკოტიკული საშუალება "სუბოტექსი" შეჰქონდა. ლიზა მ.-ს "სუბოტექსი", არც მეტი, არც ნაკლები, სასქესო ორგანოში ჰქონდა გადამალული. მისი დაცვის ქვეშ მყოფი კი, ვისთანაც ამ გზით, ნარკოტიკი შეჰქონდა, ცნობილი კრიმინალური "ავტორიტეტი" გიგა ბალავაძე გახლავთ. დაკავებულ ადვოკატს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლის, მე-2 ნაწილით წაუყენეს, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აკრძალული ნივთის შეტანას გულისხმობს. სასამართლო პროცესზე, სადაც ელისაბედ მ.-სთვის წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილებოდა, პროკურატურამ მისი პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატს წინასწარი პატიმრობის ნაცვლად ათიათასლარიანი გირაო შეუფარდა. თავად პატიმარ გიგა ბალავაძეს კი, რომელიც ქსნის ციხეში მრავალწლიან სასჯელს იხდის, დაწესებულებაში ნარკოტიკის შეტანაზე პირის იძულებით დაყოლიების გამო, ბრალი, სავარაუდოდ, კიდევ დაუმძიმდება. ლიზა მ. არ გახლავთ პირველი ადვოკატი, რომელიც პატიმარ გიგა ბალავაძესთან კანონსაწინააღმდეგო კავშირის გამო დააპატიმრეს. 2005 წელს, როდესაც ბალავაძე ე.წ. ქურდების ციხეში (სასჯელაღსრულების #7-ე დაწესებულება) იხდიდა სასჯელს, მასთან აკრძალული ნივთის შეტანის ბრალდებით ადვოკატი ანა ჟღენტიც დააკავეს. ჟღენტს პატიმართან შესატანი მობილური ტელეფონი ფეხსაცმელში ჰქონდა დამალული.