ძვირფასო მკითხველო, ასე მგონია, ადამიანმა სარი რომ გადაყლაპოს ანდა რკინა-ბეტონის კონსტრუქცია შეჭამოს, იმას უფრო ადვილად მოინელებს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოინელებენ იმ სიმწარეს და გამანადგურებელ დარტყმას, რომელიც მათ ჩვენმა გაზეთმა - „ასავალ-დასავალმა" აგემა.
სააკაშვილმა თავისი ბედკრული პრეზიდენტობა იმის აღიარებით დაამთავრა, რომ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის ისტორიული არჩევნები მას „ასავალ-დასავალმა" წააგებინა.
შეგახსენებთ, სააკაშვილმა ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როცა დიღმის რეზიდენციას ცლიდა და საკუთარ ბარგი-ბარხანას ყუთებში ალაგებდა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ისინი დღემდე ტუჩების კვნეტით განაგრძობენ „ასავალ-დასავალზე" ლაპარაკს. მეტიც, „ასავალ-დასავალის" მიმართ ნაცების ისტერიკა უკვე ისეთ მძაფრ ფორმებს იღებს, რომ ისინი ჩვენი გაზეთის სახელწოდებას ერთსა და იმავე გამოსვლაში რამდენჯერმე იმეორებენ.
იმეორებენ და სახე ემანჭებათ!
იმეორებენ და თვალებში ჭინკები დაურბით!
აი, მაგალითად, ტელეკომპანია „TV-3"-ის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში, ნაცდეპუტატმა და ნაპროკურორალმა დავით საყვარელიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ოთარ ჩრდილელთან ოპონირებისას „ასავალ-დასავალი ოთხჯერ ახსენა:
„ის, ეტყობა, შეჩვეულია „ალიას" და „ასავალ-დასავალის" ენას და ნოსტალგია აქვს ამასთან დაკავშირებით..."
„მე ამ პოლემიკაში ნამდვილად არ შევალ და არ შევაფასებ „ასავალ-დასავალის" და „ალიას" ენას..."
„ქალბატონო ინგა, ეს ისევ „ალიას" და „ასავალ-დასავალის" რიტორიკაა..."
„მისი მცდელობა „ასავალ-დასავალის" ან „ალიას" ენით საუბრის..."
ვინ იცის, ადეიშვილის ყოფილი ხელისბიჭი, იგივე ადეიშვილის საყვარელიძე, იმ გადაცემაში კიდევ რამდენჯერ ამოიოხრებდა სიტყვებს - „ასავალ-დასავალი" - იგი ჩვენს ძვირფას კოლეგას ინგა გრიგოლიას რომ არ გაეჩერებინა:
„უკაცრავად, ძალიან ბევრჯერ ახსენეთ უკვე „ასავალ-დასავალი" და „ალია" და მე მინდა, გთხოვოთ, თავი შეიკავოთ მედიასაშუალებების დასახელებისგან".
ინგა, ძვირფასო, ჟურნალისტიკაში ყოფნისას თუ თბილისის საკრებულოს წევრობისას შენ „ნაციონალების" გაჩერება ყოველთვის კარგად გეხერხებოდა, ახლაც მარჯვედ მოახერხე უსაგნოდ ატლიკინებული საყვარელიძის გაჩერება, მაგრამ მერწმუნე, რამდენიც არ უნდა ეცადო, ნაცებს „ასავალ-დასავალის" ხსენებას მაინც ვერ მოაშლევინებ.
დიახ, უფრო ადრე ღორმა შეიძლება მოიშალოს იმ თავისი საყვარელი „კერძის" ჭამა, მაგრამ ნაცები „ასავალ-დასავალის" ხსენებას ვერ მოიშლიან!..
ამის დასტურია იმავე ინგა გრიგოლიას გადაცემა, სადაც სტუმრად მყოფმა კიდევ ერთმა ნაცმა, ცნობილმა ფალოსოფოსმა და „ჩამშვებმა" ზურაბ ჭიაბერაშვილმა თავისი თანაპარტიელის საყვარელიძის მსგავსად, „ასავალ-დასავალი" სამჯერ ახსენა.
„ისეთივე ბლეფი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ, თურმე, ჩვენ ორგანოებით ვვაჭრობდით, როგორც ამას „ასავალ-დასავალი" წერდა და მერე ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იმეორებდა..."
„პირდაპირ გეტყვით, რომ მსგავსი ვარაუდების გამოთქმა „ასავალ-დასავალის" ფურცლებზე წამიკითხია მე..."
„ქალბატონო ინგა, ამ და სხვა ვარაუდებს, „ასავალ-დასავალის" შემდეგი ნომერი უამრავს დაბეჭდავს..."
აქ საქმეში ისევ ინგა გრიგოლია ჩაერია და ჭიაბერაშვილი გააჩერა:
„კარგით, ახლა უნდა გაგაჩეროთ, იმდენჯერ ახსენეთ „ასავალ-დასავალი".
ძვირფასო მკითხველო, როგორც ვაკვირდები, ინგას დამუღამებული აქვს - როგორც კი ნაცები სამჯერ ახსენებენ „ასავალ-დასავალს", მას ავტომატურად ერთვება მათი გაჩერების რეჟიმი.
თითქოს ნაცებსაც დამუღამებული აქვთ - მიშას ყივილამდე სამჯერ უნდა უარყონ „ასავალ-დასავალი".
რას იზამთ ნაცებო, ასეთი ყოფილა თქვენი ბედისწერა. პოლიტიკური სამარის კარამდე „ასავალ-დასავალის" ძახილით უნდა მიხვიდეთ! პოლიტიკური სამარისაკენ მიმავალთ კი ნამდვილად არავინ გაგაჩერებთ, არც ინგა და არც „ასავალ-დასავალი"!
ჯაბა ხუბუა
"ასავალ-დასავალი"