კულტურის სამინისტროსა და „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" ინიციატივით, გორის თეატრის შენობაში ქართულ-ოსური წინასაახალწლო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ანსამბლი „რუსთავი" და ოსური ანსამბლი „ნართები". შეხვედრას ესწრებოდნენ დროებითი საზღვრისპირა ზოლიდან ჩამოსული ქართული და ოსური მოსახლეობა. მრავალწლიან მეგობრობაზე ისაუბრეს ანსამბლების ხელმძღვანელებმა - ფრიდონ სულაბერიძემ და ომარ ხუბაევმა.
„დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" გამგეობის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ ქართული და ოსური გენოფონდის დღევანდელი მონაცემები დამსწრე საზოგადოებას გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები შიდა კონფლიქტებით დაიწყო. ეს პრობლემები აღინიშნება როგორც ქართველ, ასევე ოსს ერში. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით იკლებს და ეს სრულად ეთნიკურ ქართველებზე აღინიშნება. შიდა კონფლიქტებით დაიწყო დემოგრაფიული პრობლემები ოსს ერში. 1989 წლის მონაცემებით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში 65 195 კაცი ცხოვრობდა, ხოლო მის ფარგლებს გარეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თითქმის 100 000. ბოლო წლებში ყოფილ სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის აღწერა არ ჩატარებულა. სკოლებში ბავშვთა რაოდენობის მიხედვით გაანგარიშებული მოსახლეობის რაოდენობა კი ამჟამად ყოფილ სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 20 000 კაცს უდრის.
„დემოგრაფიული აღორძინების ფონდი" აპირებს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების კუთხით ითანამშრომლოს როგორც ოსებთან, ასევე აფხაზებთან. მათ, ქართველების მსგავსად, მძიმე დემოგრაფიული პრობლემები აქვთ. ფონდის ხელმძღვანელების აზრით, ერთმანეთის სიცოცხლეზე ზრუნვა იქნება ახალი ურთიერთობების დასაწყისი.