„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების განცხადებით, პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც გიგი უგულავასთვის ულებამოსილების შეჩერებას ითვალისწინებდა, არ ყოფილა განხილული სასამართლო პროცესზე და ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ ღამის პირველ საათზე განხილვის გარეშე მიიღო. გაზეთ „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში იურისტი და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება.
„ნაციონალები" ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სწორია. ჯერ ერთი, სასაცილოა, როდესაც ამბობენ, რომ გავიდა მოსამართლე და მარტო იყო დარბაზშიო. აბა, როდესაც მოსამართლე სათათბიროდ გადის დარბაზში „ნაციონალებთან" ერთად უნდა ითათბიროს? მოსამართლე, როგორც წესი, რა თქმა უნდა, სათათბიროდ გადის ცალკე, თუ მოსამართლეთა კოლეგიაა, მაშინ სამნი ერთად თათბირობენ. რაც შეეხება ღამის პირველ საათზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს შეიძლება ღამის სამ საათზეც ყოფილიყო, ამით კანონი არ ირღვევა.
გიგი უგულავას სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი შუამდგომლობის სახით შეტანილი ჰქონდა პროკურატურას, მოსამართლეს კი სრული იურიდიული და სამართლებრივი უფლება ჰქონდა, ემსჯელა ამაზე. რა მნიშნელობა აქვს გამოცხადებას? როგორც წესი, აქვს მნიშვნელობა, არჩეულია პირი თუ დანაშაული, ამ დროს მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დგება და ამ გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებული კანონმდებლობა, რომელსაც მოსამართლეები მათი რეჟიმის დროს ყოველდღე იყენებდნენ სასამართლოში და მათ ნამდვილად არ უნდა უკვირდეთ ეს გადაწყვეტილება. მიაქციეთ ყურადღება, რომ „ნაციონალები" საკითხს განიხილავენ პოლიტიკურ ჭრილში და არ უყურებენ პროცესს სამართლებრივად. სამართლებრივ მხარეზე ჩუმად არიან, არადა პროკურატურას საკმაოდ ბევრი მტკიცებულება აქვს. თვითონ გიგი უგულავამ ჩამოთვალა ის ადამიანები, რომელბიც მის წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებას.
დადასტურებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს უმზადებდნენ პლასტიკურ ბარათებს და უკანონოდ აძლევდნენ ფულს, დადასტურებულია ისიც, რომ „ნაციონალების" ყულაბაში მიდიოდა დედაქალაქის ბიუჯეტის ფული და ამას მოწმეები ადასტურებენ. ვინ დაიჯერებს იმას, რომ უგულავამ არ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ და მისი ბრძანების გარეშე ასეულობით ადამიანი იღებდა ფულს მერიის ბიუჯეტიდან უკანონოდ? გარდა ამისა, გიგი უგულავას მხარემ იცოდა, რომ შუამდგომლობა დაყენებული იყო პროკურატურის მხრიდან დედაქალაქის მერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
თვითონ განეხილათ ეს საკითხი პროცესზე, დაცვის მხარეს თავადვე უნდა ეთქვა პროცესზე, რომ ეს შუამდგომლობაა დაყენებული და მოსამართლისთვის მიემართა, არ დაეკმაყოფილებინა პროკურატურის ეს შუამდგომლობა. ეთქვა დაცვის მხარეს, არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა შეეწყვიტათ უგულავასთვის თანამდებობრივი უფლებამოსილება, დაუშალათ ვინმემ ამ არგუმენტების თქმა პროცესზე? ახლა რომ მოსამართლეზე ტეხენ ჯოხს და ამბობენ, რატომ დააკმაყოფილაო. თვითონ არ თქვეს არც ერთი არგუმენტი ამ საკითხზე და სხვას რატომ აბრალებენ, ვერ ვხვდები",- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
გაზეთი „კვირის ქრონიკა", N51 (23-29 დეკემბერი)
მოამზადა ლილუ მიროტაძემ