ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოების მიხედვით, სპექტაკლის „იავნანამ რა ჰქმნა?!" პრემიერა გაიმართება. როგორც თეატრის პიარ მენეჯერმა, თათია პაქსაშვილმა „რეპორტიორს" განუცხადა, სპექტაკლი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავისუფალი თეატრალური პროექტების ფარგლებში დაიდგა.
სპექტაკლის ინსცენირების ავტორი და რეჟისორია ოთარ ბაღათურია, სცენოგრაფი აივენგო ჭელიძე. სპექტაკლში ნიკოლოზ ნანიტაშვილი, სალომე მაისაშვილი, მერაბ ბრეკაშვილი, ნინო ანდრიაძე, ხათუნა ბერძენიშვილი, კესო მაისაშვილი, მარიამ ჯანხოთელი, მარიამ ჩუხრუკიძე, ხატია მელქაძე თამაშობენ.
„სპექტაკლში „იავნანამ რა ჰქმნა?!" მოქმედება სოფელ ვაშლოვანსა და დაღესტანში მიმდინარეობს. ერთ დროს დაღესტანსა და საქართველოს მეგობრულ-მეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ. იმდენად, რომ დაღესტანი საქართველოს მოყვრებს მოყვრულად ექცეოდა, მტრებს კი მტრულად ხვდებოდა. ორ ერს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, როცა ლეკებმა მაჰმადიანობა მიიღეს, ხოლო საქართველომ გეზი მართლმადიდებლური რუსეთისკენ აიღო", - განაცხადა პაქსაშვილმა.
მისივე თქმით, ორი მეზობელი სახელმწიფოს, ორი ერის ურთიერთმტრობისა და შუღლის მიუხედავად, ორივე მხარეს ცხოვრობდნენ ღირსეული და კეთილი ადამიანები. მათთვის უცხო არ იყო მოყვასის სიყვარული, მოწყალება და თანაგრძნობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იაკობ გოგებაშვილის ეს ნაწარმოები დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.
სპექტაკლის პრემიერა 27 დეკემბერს 19:00 საათზე გაიმართება.