ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, ბორჯომში საახალწლო ღონისძიებები 30 დეკემბერს გაიმართება. ამის მიზეზებზე „სამხრეთ კარიბჭესთან" საუბარში ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მარინა გელაშვილი საუბრობს. მისი თქმით, მიზეზი ისაა, რომ 31-ში ყველას თავის ოჯახში უნდა ფუსფუსი, მაყურებელიც პასიურია და ეროვნული ტრადიციის განვითარებას ხელი რომ არ შეეშალოს, სჯობს, ახალი წელი ერთი დღით უკან გადმოანაცვლონ.
ბორჯომში 18:00 საათზე ქალაქის ცენტრში, ძველი გამგეობის შენობის წინ საახალწლო კონცერტია დაგეგმილი, რომელშიც ადგილობრივებთან ერთად თბილისიდან მოწვეული მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ძველ გამგეობასთანვეა ორი ბუნებრივი ნაძვის ხეც, რომელიც 2001 წლიდან ტრადიციულად, ყოველი ახალი წლისთვის ირთვება.
„საახალწლო კონცერტზე ასევე დაჯილდოვდებიან კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკები, საბავშვო ბაღების პედაგოგები და რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც ენთუზიაზმით ქალაქისთვის რაღაც სასიკეთო გააკეთეს. კონცერტი ფოიერვერკით დამსრულდება. დღის ბოლოს კი საზეიმო ვახშამი გაიმართება", - ამბობს გელაშვილი.
აღნიშნული ღონისძიებების მოსამზადებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა ორი პროექტი მოამზადა. პროექტი „ტოლერანტობა და თანასწორობა" 29-30 დეკემბერის ღონისძიებებს ითვალისწინებს, სადაც მონაწილეობას ბალანთა-ტაბაწყურისა და ბორჯომის დევნილი ბავშვები მიიღებენ. აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 300 ლარი გამოიყო. რაც შეეხება სხვა დანარჩენ საახალწლო ღონისძიებებს, ამისთვის 15 700 ლარია გათვალისწინებული.