თურქეთის ეკონომიკის მინისტრი, ზაფერ ჩაღლაიანი თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხმაურიან სკანდალში მისი ვაჟი გაეხვა, რომელიც პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა.
გასულ კვირას კორუფციის თაობაზე გახმაურებული გამოძიების ფარგლებში თურქეთის პოლიციამ 24 ადამიანი დააკავა, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შვილები. მინისტრის ვაჟებს ბრალად ედებათ ქრთამის აღებასა და მიცემაში შუამდგომლობა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა ჩატარებულ ოპერაციას "ბინძური" უწოდა და განაცხადა, რომ ის მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ.
კორუფციასთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული ადამიანის საქმე განიხილება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სკანდალი პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გარემოცვას შეეხო.