„თბილისის განვითარების ფონდი"-დან ათეულობით მილიონი ლარის საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დაკავებულ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „26 ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით, საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ აიპ „თბილისის განვითარების ფონდი"-დან საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე, ბრალდებულებს თბილისის მერის ყოფილ მოადგილეს დავით ალავიძეს, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ თავმჯდომარეს დავით ავალიანს, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს ალექსი თაბუაშვილს და მთაწმინდა კრწანისის გამგებლის ყოფილ მოადგილეს დიმიტრი ჩხეიძეს აღვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ, რასაც საფუძვლად დაედო ბრალდებულების მხრიდან ბრალის სრულად აღიარება და გამოძიებასთან მათი თანამშრომლობა. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული „თბილისის განვითარების ფონდი"-დან ათეულობით მილიონი ლარის საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის ფაქტს. დადგენილია, რომ გიორგი საბანაძის, დავით ალავიძის, დავით ავალიანის, ალექსი თაბუაშვილის და დიმიტრი ჩხეიძის მიერ ორგანიზებულად 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე, სხვადასხვა ხერხით განხორციელდა სახელმწიფოს კუთვნილი 48 930 822 ლარის მითვისება-გაფლანგვა, რაც გამოყენებული იქნა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ხარჯების დასაფარად"-ნათქვამია განცხადებაში. საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ფინანსათა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დავით ალავიძის, დავით ავალიანის და ალექსი თაბუაშვილის ჩვენებებს აქვეყნებს.