დღეს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება საქართველოს მუზეუმებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტის პრეზენტაცია.
როგორც „რეპორტიორს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მრჩეველი ინგა ქარაია, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი თინა კლდიაშვილი, კანცლერი კახა ტრაპაიძე და აკადემიის სხვა თანამშრომლები, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი მარიამ დიდებულიძე, მუზეუმების ხელმძღვანელები და თანამშრომლები, პროექტის ავტორები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარე წელს განხორციელდა საქართველოს 8 მუზეუმის - კასპის, ხაშურის, ონისა და ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმების, თელავისა და ქუთაისის ისტორიული მუზეუმების, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის 300 ექსპონატის რესტავრაცია-კონსერვაცია.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის პედაგოგებისა და მაგისტრანტების მიერ განხორციელდა.