„ფოლკლორის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს და მის სამარცხვინო გადაწყვეტილებას კანდიდატის თაობაზე, უნდობლობას ვუცხადებთ“, - ამის შესახებ დღეს „ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ თანამშრომლებმა განაცხადეს.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლები, ახალ ხელმძღვანელად გიორგი დონაძის დანიშნვას აპროტესტებენ. მათ, შენობის შესასვლელი კარი სიმბოლური ბანერით აჭედეს.
ცენტრის თანამშრომლებმა მოთხოვნათა 5-პუნქტიანი ნუსხა წარმოადგინეს, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
„მოვითხოვთ სასწრაფო შეხვედრას მინისტრ მირიანე ოდიშარიასთან. ამასთან, მოვითხოვთ, მინისტრმა არ მოაწეროს ხელი გიორგი დონაძის დანიშნვის განცხადებას, დაიშალოს გაუკრვეველ ვითარებაში და გაურკვეველი პრინციპებით დაკომპლექტებული საბჭო, ამ მოვლენებს ჩამოშორდეს ანზორ ერქომაიშვილი, რომლის კლანური ინტერესები უკვე სავსებით ნათელია; მომავალი ბორდის დაკომპლექტებაში აქტიურად ჩართონ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტები და დირექტორის არჩევის პროცედურა ჩატარდეს გამჭვირვალედ, ამასთან, კანდიდატებმა ცენტრის განვითარების საკუთარი პროექტები წარმოადგინონ. ჩვენი მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მივმართავთ პერმანენტულ აქციებს“, - აცხადებენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლები.