დღეს, ქართველი სასულიერო მოღვაწის, იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის გარდაცვალებიდან 117 წელი გავიდა.
გერასიმე ქიქოძე დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს სოფელ ბახვში, ოზურგეთის მაზრაში. 1839 წელს დაამთავრა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში. 1842 წელს შევიდა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1845 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია, ხოლო 1849 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემია. პეტერბურგში მყოფი გაბრიელ ქიქოძე საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ისა და მარიამ დედოფლის ვაჟიშვილმა, მიხეილ ბატონიშვილმა შეიკედლა.
1851-1858 წლებში გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას. პარალელურად მუშაობდა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1851 წელს მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1856 წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) მღვდელ-მონაზვნად აღიკვეცა. 1858 წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა დავით გარეჯის წინამძღვრად. იმავე წელს გაბრიელი დაინიშნა გორის ეპისკოპოსად. 1860 წელს იგი ხელდასხმულ იქნა იმერეთის ეპისკოპოსად და ამ მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე. სხვადასხვა პერიოდში მართავდა აფხაზეთისა და სამეგრელო-სვანეთის ეპარქიებს.
1896 წლის 26 დეკემბერს მეუფე გაბრიელი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაშია დაკრძალული.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საეკლესიო კრებამ, რომელიც 1995 წლის 19 სექტემბერს გაიმართა სვეტიცხოველში, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ეპისკოპოსი გაბრიელი წმიდანად შერაცხა.
გაბრიელ ეპისკოპოსის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.