საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, დღეს, ვენეციის არქიტექტურის მე-14 ბიენალეში მონაწილეობის მისაღებად, ოფიციალურად გამოცხადდება ღია კონკურსი და კონკურსის პირობები. კონკურსი მიზნად ისახავს 2014 წელს ვენეციის არქიტექტურის მე-14 ბიენალეზე საქართველოს არსებულ პავილიონში წარსადგენად საუკეთესო საკურატორო წინადადების შერჩევას.
საკონკურსო ნამუშევრების მიღება იწარმოებს 2013 წლის 26 დეკემბრიდან 2014 წლის 30 იანვარამდე, პროექტების განხილვა შედგება 2014 წლის 31 იანვრიდან 6 თებერვლამდე; კონკურსში გამარჯვებული პროექტის საჯარო პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში 2014 წლის თებერვალში გაიმართება.
ბიენალეს წლევანდელი ძირითადი თემაა - საფუძვლები . კონცეფცია თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამოჩენილმა არქიტექტორმა რემ კულჰაასმა წარმოადგინა.
"2014 წლის ვენეციის არქიტექტურის ბიენალე "საფუძვლები" წარმოაჩენს უკანასკნელი ასწლეულის არქიტექტურის ევოლუციას და ხელს შეუწყობს გლობალიზაციის პირობებში გამოვავლინოთ განსხვავებული კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი ელემენტები, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩა სხვადასხვა ხელოვნებაში, ხოლო მათი ახლებური გააზრება არქიტექტურის ახალ შესაძლებლობებს დაგვანახებს", - აღნიშნავს რემ კულჰაასი.
პრიორიტეტი მიენიჭება არა კონკრეტულ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტებს, არამედ ბიენალეს თემატიკის შესაბამის არქიტექტურულ-ურბანულ, სოციო-ისტორიულ, სოციო-სივრცით კონცეფციებს, კვლევით პროექტებს და პერფორმანსებს.
პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, აგრეთვე "კამიკაძე ლოჯიას" პროექტში მონაწილე ხელოვანები და თეორეტიკოსები.