27 დეკემბერს, 17:00 საათზე, ეროვნულ მუზეუმში, ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო კვირეული დასრულდება.
როგორც „რეპორტიორს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ეროვნულ მუზეუმში 23 დეკემბერს დაიწყო და 27 დეკემბერს საზეიმო ღონისძიებით დასრულდება.
გამოფენაზე პირველად წარმოდგენილი იქნება ექვთიმე თაყაიშვილის სახელთან დაკავშირებული საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი მასალები, აგრეთვე საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისა და ეროვნული არქივის კოლექციებში დაცული ეროვნული საგანძური, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა ქვეყანას შემოუნახა.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი კატალოგის პრეზენტაცია.
იუნესკომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა.