ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ტელეკომპანია „ობიექტივისთვის“ დეციმეტრული სიხშირის დაბრუნებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა განაცხადა, უკვე დაიდო დასკვნა, სადაც აღწერილია დეტალურად, თუ როგორ წაართვეს "ობიექტივს" სიხშირე და ეს დასკვნა უახლოეს მომავალში გადაეგზავნება პროკურატურას, რაზეც დაიწყება გამოძიება.
მისივე განცხადებით, მათ უკვე მიმართეს მარეგულირებელ კომისიას, ასევე ხელისუფლებას, რომ იხელმძღვანელონ კომისიის დასკვნით, სადაც დადასტურებულია, რომ "ობიექტივს" წაართვეს სიხშირე და მარეგულირებელმა კომისიამ მათ გამოუყოს ალტერნატიული სიხშირე მანამ, სანამ დაიწყება გამოძიება.
ირმა ინაშვილის განცხადებით, არსებობს ალტერნატიული სიხშირე, თუმცა არსებობს ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგობა, რომელიც აცხადებს, რომ 2015 წლამდე, სანამ დეციმეტრულ მაუწყებლობაზე არ გადავა სისტემა, მარეგულირებელმა კომისიამ სიხშირე არ უნდა გასცეს. ირმა ინაშვილი კიდევ ერთხელ მიმართავს ეკონიმიკის სამინისტროს შეცვალონ გადაწყვეტილება, წავიდნენ კომპრომისზე და ალტერნატიული სიხშირე გამოუყონ "ობიექტივს".
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, თუკი მათ არ გამოუყოფენ ალტერნატიულ სიხშირეს, ისინი მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას და დაიწყებენ შიმშილობას. მისივე ინფორმაციით, ამ აქციაში სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
„ეს არის მავნებლობა, რასაც ხელისუფლება აკეთებს, რადგან ის ფლობს თავისუფალ სიხშირეს. სახელმწიფო ავი ძაღლის პრინციპით მოქმედებს, არც მე და არც შენ", - აღნიშნა ჟურნალისტმა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად 35-ე დეციმეტრული სიხშირით საეთერო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ტელეკომპანია "ტვ 3" მაუწყებლობს.