N17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების პრობლემების მოსაგვარებლად სახალხო დამცველი სახელმწიფოს კონკრეტული გეგმის დასახვას ურჩევს. უჩა ნანუაშვილი მოშიმშილეებს 26 ივლისს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. "ბევრ ადამიანს ის უკანონო განაჩენი აწუხებს, რომელიც მათ საქმეშია დამდგარი, სერიოზული პრობლემებია ჯანდაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ. საუბარია ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის არაეფექტურობაზეც. ვფიქრობ, ბევრი სერიოზული პრობლემაა. ამ ადამიანების პრეტენზიები ხშირ შემთხვევაში ლეგიტიმური და სამართლიანია. კონკრეტულ პრობლემებზე შესაბამისად რეაგირება უნდა მოხდეს. პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფომ კონკრეტული გეგმა უნდა დასახოს," - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსთავის N17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები მერვე დღეა შიმშილობენ. მსჯავრდებულების ნაწილი მათი საქმეების გადახედვას ითხოვს, ნაწილი კი მოითხოვს, რომ ე.წ. უდოს კომისიამ მათი განცხადებები დროზე განიხილოს. პატიმართა ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოშიმშილეთა შორის ოთხ მსჯავრდებულს პირი აქვს ამოკერილი. გავრცელებული ინფორმაციით, მოშიმშილე მსჯავრდებულების რაოდენობა 48-მდე გაიზარდა.