გადადგება თუ გაუშვებენ მთავარ პროკურორს?
შექსპირისეული „ყოფნა-არყოფნის" სიმწვავით დადგა საქართველოს საზოგადოებრივ „საფიხვნოზე" ეს საკითხი. აქტუალური გახდა. განსჯიან, განიხილავენ, მსჯელობენ, ასკვნიან. საზოგადოებრიობა დაფიქრდა, „ნაცებმა" დაიპყრეს მასმედია, ხმაში ფოლადი გაურიეს.
„რეპორტიორმა" პროფესიონალებს სთხოვა აზრის გამოთქმა, იურისპრუდენციაში განსწავლულ ადამიანებს, რომლებმაც მთელი ის სიმწვავე და ნერვების გლეჯა, ბატონ ოთარ ფარცხალაძეს თავს რომ დაატყდა, მასზე ადრე გადაიტანეს: ყოფილ გენერალურ პროკურორებზე უკეთ მსგავს პერიპეტიებში არავინაა გარკვეული.
არ უნდა იყოს.
გთავაზობთ პარალელურ დიალოგებს მათთან.
ინკოგნიტო სამართალდამცველი, რომელიც თავისი ვინაობის გაუმხელებლობას ამართლებს ასე:
- იმ ფონზე, რომელსაც დღეს აქტიურად განიხილავს ჩვენი საზოგადოებრიობა, ჩემი კომენტარი შეიძლება აღქმული იყოს არასწორად, სუბიექტური მიზეზებით განპირობებულად. ჩემს აზრს, რა თქმა უნდა, კი გეტყვით, მაგრამ კარგი იქნება, თუ ჩემს ნათქვამს არ მაწერთ ჩემ სახელსა და გვარს. არ მინდა, რომ ის, რასაც ვიტყვი, აღიქვან, როგორც განაწყენებული კაცის პოზიცია.
- შევთანხმდით. პირველი შეკითხვა ასეთია: თქვენთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია: კანონი თუ მორალი? კოდექსების მუხლები თუ ზნეობის დაუწერელი კანონები?
- მორალური მხარე აბსოლუტურად მოწესრიგებული უნდა იყოს. აბსოლუტურად. იმიტომ, რომ, საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს ნებისმიერი სახელმწიფო მოღვაწე, ნებისმიერი სამსახური, და განსაკუთრებით, პროკურატურა, მთავარი პროკურორი, უწინარეს ყოვლისა, უნდა სარგებლობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით. ნდობას განაპირობებს მორალი და კანონი. მაგრამ მორალის მხარე არის უპირატესი.
- თქვენს ამ დებულებას, ადასტურებს პრაქტიკა: ბატონი გია მეფარიშვილი, საქართველოს გენერალური პროკურორობიდან თავის დროზე გადადგა, ამ მაღალი თანამდებობიდან გადადგა ბატონი არჩილ კბილაშვილიც.
- არჩილ კბილაშვილს ცოტა განსხვავებული რეალობა ჰქონდა. იგი თვლიდა, რომ უნდა გაეღრმავებინა პროკურატურის რეფორმირება, მაგრამ იყო სხვა მოსაზრება, კერძოდ, რომ ამის გაკეთება ნაადრევია. ამ შეუთავსებლობის გამო მიიღო მან გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე. გიას ცოტა სხვა რეალობა ჰქონდა.
კბილაშვილის შემთხვევაში არ ყოფილა კონფლიქტი - თუ დარჩებოდა, მორალს დაარღვევდა, გადადგომის შემთხვევაში - მორალს დაიცავდა. თუმცა აქ პრინციპი იყო მთავარი: იმის განუხორციელებლობის შემთხვევაში, რაც სწორად მიაჩნდა, თანამდებობაზე დარჩენა მისი მხრიდან იქნებოდა ამორალური. ყველაფერი მაინც მორალთან მიდის, კაცმა რომ თქვას.
დღის წესრიგში მდგარ საკითხთან დაკავშირებით, სულ სხვა მორალური პრობლემაა წამოწეული წინა პლანზე, განსხვავებული რაკურსია.
- ხომ არ ნიშნავს, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობა „დაწყევლილია" ასეთი რეალობით? გადადგომას ვგულისხმობ.
- (იცინის) მე ასე არ ვიტყოდი. ეს ადგილი მოითხოვს განსაკუთრებულ ზნეობრივ სისუფთავეს. ეპითეტი „დაწყევლილი" ნეგატივიდან მოდის, მე პოზიტივიდან მივუდგებოდი, რაც მომეტებულ სისუფთავეს ნიშნავს.
- აბსოლუტურად გამოვრიცხავ, მაგრამ დავუშვათ: თქვენთან რომ ყოფილიყო დაკავშირებული ის შემთხვევა, რომელიც დღეს განხილვის საგანი გახდა, როგორ მოიქცეოდით?
- კითხვაც არ არის. ჯერ ერთი, თავიდან არ დავთანხმდებოდი ამ თანამდებობაზე, მეორე, როგორც კი გამჟღავნდებოდა, დაუფიქრებლად წამოვიდოდი.
- გადადგომა ნიშნავს დანაშაულის აღიარებას?
- შეიძლება გარკვეულ ვითარებასა და დროში მიეცეს ასეთი შეფერილობა. მაგრამ გადადგომა, უწინარეს ყოვლისა, მორალური სიმაღლის დაცვას ნიშნავს.
გახსოვთ უთუოდ, რომ ამასწინად გერმანიის პრეზიდენტი გადადგა იმის გამო, რომ კრედიტის დაფარვაში კერძო ინსტიტუტმა მის სასარგებლოდ რაღაცა გააკეთა, კრედიტი მიანიჭა, ასე ვთქვათ. ეს არ ნიშნავს, რომ მან კანონის დარღვევა აღიარა. თემა, რომელიც მასთან დაკავშირებით წამოიჭრა, მისი განხილვაც კი, ზიანს მიაყენებდა საზოგადოებრივი ნდობას იმ ინსტიტუტს. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, პრეზიდენტი გადადგა. თორემ არავითარი სასამართლო გადაწყვეტილება იქ არ შემდგარა, იურიდიულად ვალდებული ყოფილიყო, ასე მოქცეულიყო.
გადადგომაში, უწინარეს ყოვლისა, უნდა დავინახოთ მორალური სისრულე. გადამდგარი ადამიანები შემდგარი ადამიანები არიან, რადგან შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილება მიღება.
- თქვენი პასუხიდან ისე გავიგე, რომ თუ ოდესღაც ადამიანს ჩადენილი ჰქონდა თუ არა დანაშაული, მაგრამ გაჩნდა ეჭვი, მაღალ თანამდებობაზე მისი დარჩენა გამორიცხული უნდა იყოს?
- წარმოვიდგინოთ: გვყავდეს მოძღვარი, სასულიერო პირი და გამჟღავნდეს მრუშობაში მისი მონაწილეობა. საერო გადასახედიდან, როცა არ ვიცით, რას ამბობს ასეთ შემთხვევაზე რჯულის კანონი, ჩავთვლიდით, რომ ასეთი ადამიანი არ შეიძლება მოძღვრად დარჩეს.
ხომ ასეა?
- რასაკვირველია.
- რადგან იგი ჩვენი, მოკვდავთა, საერო ადამიანების თვალსაწიერში არის სხვა სიმაღლეზე და ეს სიმაღლე დაიკარგა. აი, დაახლოებით ასეთივე განცდა და ფილოსოფია არის ამ ნააზრევში.
ვაჟა აბაკელია, სრული პროფესორი, საქართველოს გენერალური პროკურორი 1991-92 წლებში:
- მაშინ ჩემი თანამდებობა დამატებით სხვა ფუნქციებით იყო დატვირთული, უფრო მეტითა და დიდით. თანაც არც ერთ სტრუქტურას არ იყო დამორჩილებული. პირობითად მაინც სასამართლო ხელისუფლებაში ითვლებოდა. მოკლედ, დიდი ძალაუფლების მქონე სტრუქტურა იყო, პლიუს საერთო ზედამხედველობა, ყველაფრის შემოწმების უფლება გვქონდა და ა. შ.
- 1992 წელს თქვენ თანამდებობიდან წახვედით. გადადექით?
- კი არ გადავდექი, არამედ გადამაყენა სამხედრო საბჭომ. უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როცა პირველად მსოფლიო პრაქტიკაში, გენერალური პროკურორი გადააყენა კანონიერმა ქურდმა. ჯაბა იოსელიანმა. მოუკლავთ პროკურორი, დაუპატიმრებიათ, მაგრამ ის, რომ კანონიერ ქურდს თავისი ხელმოწერით გადაეყენებინა გენერალური პროკურორი, ისტორიას არ ახოსვს.
- თქვენთვის რომელია გადამწყვეტი და უმაღლეის მორალი თუ კანონმდებლობა თავისი მუხლებით?
- პირდაპირ გეტყვით, კანონმდებლობა თავისი მუხლებით შეიძლება შეცდეს. შეიძლება, კანონი არ დაემთხვეს იმ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულ ეპოქაში დომინირებს. ხდება ასეც.
შემდეგ: არ შეიძლება, კანონმდებლობა იყოს სრულყოფილი. მაგალითად, კანონი ითვალისწინებს, ვთქვათ, 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან - ზოგი შეიძლება საერთოდ გაათავისუფლო პასუხისმგებლობისგან, ზოგი - უმკაცრესად დასაჯო. ამიტომ, მე ვთვლი, რომ ორივე უნდა იყოს შენივთებული - კანონი და მორალი. ამის გარეშე მართლმსაჯულება აზრს ჰკარგავს.
- ზნეობა კანონზე მაღლა დგას?
- ზნეობა საერთოდ ყველაფერზე მაღალა დგას. კარგია, როცა სახელმწიფოში ზნეობრივი კრიტერიუმები ბატონობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, კანონთან შენივთება უმჯობესია. დემაგოგობაა, როცა ამბობენ, მე კანონს ვერ დავარღვევო და ა. შ. „ანტიგონეში" კრეონტი ანტიგონეს ეუბნება, როცა ძმების გათავისუფლებაზე ელაპარაკება, კანონის შექმნამდე მეფე ვარო, მაგრამ კანონის შექმნის შემდეგ მონა ვარ მისიო. მე ვთვლი, რომ ესეც რაღაც თამაშია, რადგან მეფეს აქვს ნებისმიერი უფლება: ასე უპასუხა, თავისი გადაწყვეტილება უფრო რომ გაემყარებინა...
და მაინც ვთვლი, რომ ზნეობრიობაა მთავარი.
- დაუდასტურებელი ბრალის, ანუ იმ კოლიზიის შემთხვევაში, რომელიც ახლა განსჯის საგანია, უნდა გადადგეს მთავარი პროკურორი, თუ კანონით უფლება აქვს გააგრძელოს თავისი საქმიანობა?
- ბატონი მინდია უგრეხელიძე გამოვიდა გუშინ ტელევიზიით და ბრძანა, ასეც რომ იყოს (გფრ-ში მომხდარ შემთხვევაზეა ლაპარაკი), ეს მაინც გაქარწყლებულია და ფარცხალაძემ უნდა გააგრძელოს მუშაობაო. მე ასე არ ვთვლი. მიმაჩნია, რომ პროკურორი, რომელიც იქნება ნასამართლევი ქურდობის, ყაჩაღობის ბრალდებით (თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ მუხლით მისჯილი აქვს ერთი წელიწადი), დარჩეს თავის ადგილზე. მაგრამ ეს ჯერ გასარკვევია, და ამ კაცმა თვითონაც უნდა შეუწყოს ხელი ვითარებაში გარკვევას. ჰკითხეთ ნებისმიერ იურისტს, შეიძლება კი, რომ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანას ჰყავდეს ყაჩაღობაზე ნასამართლევი პროკურორი?!
ჯერ რიგითი გამომძიებლისთვისაც არის წარმოუდგენელი, მით უფრო, - მთავარი პროკურორისთვის.
მერე ეს განათლების პრობლემა: ერთ წელიწადში აქვს დამთავრებული უმაღლესი სასწავლებელი...
- წარმოუდგენელია, მაგრამ დავუშვათ: თქვენს წინაშე იგივე პრობლემა რომ დამდგარიყო, გადადგებოდით?
- რა თქმა უნდა. იმ წუთას გადავდგებოდი. არ წავიდოდი პროკურორად თუ იმის შიში მექნებოდა, რომ ხვალ გამიხსენებდნენ ჩემს გადაცდომას. ჩემ თავს ჩავაყენებდი ცუდ მდგომარეობაში.
- დაუდასტურებელი ბრალის შემთხვევაში (იქნებ, ჭორია, მოგონილია) გადადგომა ნიშნავს ბრალის აღიარებას?
- არა. სულ სხვადასხვა რამეა. დაუდასტურებელი ბრალის შემთხვევაში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქმე წყდება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ეს ნაციონალები რომ არ იკადრებენ, ისეთი რამე არ არსებობს! ამიტომ ეჭვი მეპარება გავრცელებული ინფორმაციის სისწორეში. შეიძლება ახალგაზრდობაში რაღაც გადაცდომა ჰქონდა, რაღაც შელაპარაკება. ჯანდაბას! მაგრამ ყაჩაღობას არასოდეს ჩაიდენ შემთხვევით. ეს არის მიზანმიმართული, განზრახ ჩადენილი დანაშაული, რომელიც ყველა დროში და ეპოქაში უმკაცრესად ისჯება.
ქურდობა ნივთის ფარული გატაცებაა. ძარცვა - აშკარა გატაცება, მაგრამ საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ხოლო ყაჩაღობა არის გატაცება ნივთის, ქონების ან სხვა რამის სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში. ამიტომ იგი უმძიმესი დანაშაულია. თუ ეს დანაშაული აქვს ჩადენილი, მაშინ ერთი წელიწადი როგორ მისცეს?!
- სახელის გატეხვას თავის გატეხვა, რომ სჯობია, მოგეხსენებათ. ამ შემთხვევაში როგორ უნდა შეინარჩუნოს კაცმა სახელიც და თავიც დაუზიანებლად?
- მთავარი პროკურორის თანამდებობა ძალიან საშიში პოსტია, დაპირისპირებების, უამრავი უბედურების სამიზნე, ყოველთვის გაგიხსენებენ. სად და როდის, კაცმა არ იცის. სისხლის გაგიშრობენ. ამიტომ, თუკი მართალია ის, რასაც აბრალებენ, ფარცხალაძე უნდა წავიდეს. რაზეა ლაპარაკი!
- არავითარი დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი არც გია მეფარიშვილს, არც არჩილ კბილაშვილს და ორივე გადადგა. ეს ამიხსენით.
- გია მეფარიშვილი უწესიერესი კაცია. უპატიოსნესია არჩილ კბილაშვილი.
გიას შემთხვევაში სხვა სიტუაცია იყო, რომელიც ააგორა ამ ავადმყოფმა სააკაშვილმა. მათ გადადგომას ვაფასებ, როგორც არასწორ ნაბიჯს.
გიასთან ვმეგობრობ და ხშირად მითქვამს მისთვის, რომ შენი გადადგომით დათმე ქართული სახელმწიფოებრიობა-მეთქი. ასეც მოხდა. თავზე დაგვამხეს ქვეყანა ნაციონალებმა, ამ ნაძირალებმა და ნაგვებმა.
გია მეფარიშვილი იყო ძალიან წარმატებული გენპროკურორი, სერიოზული და გონიერი პიროვნებაა, მორალურად არაფრით შელახული არ იყო, რა არ დააბრალეს ამ უნამუსოებმა.
ნაციონალების ხელისუფლების სათავეში მომყვანებს არავითარი გამართლება არ აქვთ. ამათ რომ დაელაპარაკები, ხომ უნდა მიხვდე, ვინ არიან ეს უდედმამოები, არაკაცები. რატომ გავალაღეთ ამდენი წელიწადი? ერთი გრამი ქართული სისხლი არ აქვთ.
გია მეფარიშვილი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, საქართველოს გენერალური პროკურორი 2000 წლის ბოლოდან 2001 წლის ნოემბრამდე. ნოემბერში, „კმარას" მიერ აგორებული აქციების პიკზე თანამდებობიდან გადადგა.
- მაშინ თქვენ, ბატონო გია, ტელევიზიის პირდაპირი ეთერით განაცხადეთ, რომ...
- არცერთი თანამდეობა არ ღირს თუნდაც ერთი ბავშვის ცრემლად. არ დავუშვებ, სისხლი რომ დაიღვაროს, მე მივდივარ.
- და - წახვედით. გადადექით. ეტყობა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ყველასთვის იოლი არ არის.
- რა თქმა უნდა.
- როგორ ფიქრობთ, დღეს შექმნილი კოლიზიის პირობებში, როგორ უნდა გადაწყდეს საქართველოს მთავარი პროკურორის წასვლა-არწასვლის, გადადგომა-არგადადგომის საკითხი?
- ეს საკითხი ორ ნაწილად უნდა გაიყოს. მე ამ ახალგაზრდა კაცს არ ვიცნობ. აბსოლუტურად უცნობია იგი ჩემთვის. 1978 წლიდან იურისპუდენციაში ვარ: ჯერ სტუდენტი ვიყავი, შემდეგ - ლაბორანტი, ასპირანტი, შემდეგ - მასწავლებელი, დოცენტი, შემდეგ - პროფესორი, მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე, პროკურორი, პარლამენტის წევრი - ორჯერ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ყველაფერი მაქვს განვლილი, მაგრამ ყურიც კი არ მომიკრავს, ვინ არის ოთარ ფარცხალაძე. ამიტომ ვერ გეტყვით, ვინ არის და რას წარმოადგენს. თუმცა საინტერესო კი არის.
ედუარდ შევარდნაძეს ბევრს აკრიტიკებენ საკადრო საკითხებში, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა: ოთხი გენერალური პროკურორი იყო ბატონ ედუარდის დროს: თედო ნინიჯე, ჯამლეტ ბაბილაშვილი, გია მეფარიშვილი და ნუგზარ გაბრიჩიძე. ყველანი - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორები და პროფესორები.
ცოტა უფრო ადრე, ზვიად გამსახურდიას პერიოდში გენერალური პროკურორად მუშაობდნენ ვაჟა აბაკელია და ვახტანგ რაზმაძე, საქვეყნოდ აღიარებული სამართალმცოდნეები.
ყველანი საქართველოში ცნობილი პიროვნებები გახლდნენ.
- სააკაშვილის ცხრაწლედში?
- ჩამოგითვლით: ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ დააპატიმრა, ამჟამად საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრით დაცული ცხოვრობს; ზურაბ ადეიშვილი, მასზე გაცემულია დაპატიმრების ბრძანება, იმხილება უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში; ეკა ტყეშელაშვილი და მურთაზ ზოდელავა - უსახო პიროვნებები.
- დღეს განსაკუთრებით გააქტიურდა, ერთი შეხედვით, თითქოს მხოლოდ თეორიული საკითხი: კანონი უმაღლესია თუ მორალის, ზნეობის ნორმები?
- რაც კანონიერია, ის მორალურად გამართლებულია. ეს დავის საგანი არ არის. მაგრამ არსებობს ცხოვრებისეული ისეთი მომენტები, როცა წარმოჩნდება ზნეობრივი საკითხი - მორალური ნორმა ისეთი, რომელიც კანონით შეიძლება გამართლებული არ იყოს, მაგრამ შენ ვალდებული ხდები უფრო მაღალ იდეალებსა და ღირებულებებზე გააკეთო ორიენტაცია.
მე არაერთხელ მქონია ჩემს ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევები, მაგრამ, ღვთის მადლით, ჯერჯერობით შეცდომა არ დამიშვია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. თუმცა, რა თქმა უნდა, შეცდომები მექნებოდა, რაზეა საუბარი!
არის საკითხები, რომლებიც ეხება ქვეყანას, ქვეყნის უსაფრთხოებას, ადამიანების სიცოცხლეს, ადამიანების ბედს. აი ამ შემთხვევაში შეცდომის დაშვება, მით უფრო, პროკურატურისთვის, დაუშვებელია.
თუ ისეთი სიტუაციაა, როცა თანამდებობიდან გადადგომით უფრო დიდი ღირებულება შეიძლება გადარჩეს, ამ თანამდებობის პირმა აუცილებლად უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. პირდაპირ გეტყვით, ოთარ ფარცხალაძის ადგილზე მე აუცილებლად გადავდგებოდი. მისი თანამდებობრივი ბედი ძალიან მოკლე იქნება - ხვალ-ზეგ კიდევ გალანძღავენ და საბოლოოდ მაინც აიძულებენ გადადგეს. რად უნდა ამ ახალგაზრდას ასეთი დაძაბულ სიტუაციაში არსებობა?! არავინ დაზოგავს, არ დატოვებს თანამდებობაზე. მისმა მატარებელმა ჩაიარა. ჯინი უკვე ამოსულია ბოთლიდან.
ალბათ, თანაშემწეები, მოადგილეები ურჩევენ, არ წავიდეს. გამორიცხული არ არის, პარლამენტარებიც იყვნენ ჩარეული, მით უფრო, რომ აქ პოლიტიკურმა მოტივაციამაც იჩინა თავი, რომელიც ამოიჩემა და გააჟღერა ისეთმა ოპოზიციურმა ძალამ, როგორიც ნაციონალური მოძრაობაა, და, ღმერთო, რა შეგცოდე ისეთი, რომ პირველად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ მათი მოთხოვნა პრინციპში, სამწუხაროდ, კანონიერია.
- გადადგომა არ ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მას ჩადენილი აქვს დანაშაული?
- როცა ასეთი სიტუაცია შეიქმნება, უნდა გამოჩნდეს ფარცხალაძე და თქვას: გამარჯობა, მე ეს კაცი ვარ.
მას ეს არ გაუკეთებია.
ეს ერთი.
ახლა მეორე. თუ ასეთი ოფიციალური დოკუმენტაცია გამოჩნდა, და მე ვხედავ, რომ უკვე გამოჩენილია: ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილსაც ეკავა ხელში, ერთ-ერთ ტელეარხზე გამოჩნდა, უფრო მეტიც, გადაღებულია სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლებიც. როგორც ჩანს, ელოდებიან ბატონ ოთარის რეაქციას. თუ გაჯიუტდება, ეს მასალებიც გაიხსნება.
კანონი დაარღვია იმან, ვინც იგი დანიშნა ამ თანამდებობაზე - ვინც წარადგინა და ვინც მიიღო გადაწყვეტილება. ეს ცალსახაა და დავის საგანი არ არის.
მე გახლავართ პროკურატურის შესახებ კანონის ავტორი და დაახლოებით მაინც ხომ უნდა ვიცოდე, რა წესებია, ჩემს მიერ იქ ჩადებული და, მაშასადამე, რა დაირღვა?
ეს არა მარტო პროკურატურის, არამედ აგრეთვე პოლიციის, საერთო სასამართლოების, სპეცსამსახურებისთვის დაწესებული მოთხოვნებია.
პროკურატურა ისეთი სპეციფიკური სამსახურია, რომელსაც ამ მიმართულებით ძალიან მაღალი ნდობის ვოტუმი უნდა ჰქონეს.
თუ იმ კაცს ოდესღაც, ბიჭობაში რაღაც გაუგებრობა შეემთხვა, როგორც თვითონ ამბობს, რაც შემდეგ ყაჩაღობად და ქურდობად ჩამოუყალიბეს, უნდა შესაბამისი განმარტება მისცეს საზოგადოებრიობას.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ დამნიშნავი ვალდებულია დასანიშნ კანდიდატს ჩაუტაროს სხვადასხვა წინასწარი შემოწმება, მათ შორის, გაარკვიოს ნასამართლები არის თუ არა.
ფარცხალაძის საფინანსო პოლიციაში მიღების დროსაც დარღვეული იყო კანონის ეს მოთხოვნა.
მე ხელთა მაქვს ორი ნორმატიული აქტი: საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი საჯარო სამსახურის შესახებ და საქართველოს კანონი პროკურატურის შესახებ.
ამ კანონებით არის დადგენილი რამდენიმე წესი; საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი მე-17 ითვალისწინებს, რომ საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ: პუნქტი ა. იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა და ა. შ. რისი ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს. მთავარი ვთქვით.
ხოლო კანონში პროკურატურის შესახებ (იხ. მუხლი 33-ე) არის ფორმულირება, რომელსაც, გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება: პროკურატურაში სამუშაოდ არ მიიღება ნასამართლევი პირი (ნასამართლობის მქონე კი არა, ნასამართლევი პირი) და შემდეგ ჩამოთვლილია რამდენიმე პირობა, ჩამოთვლას არ გავაგრძელებ, რადგან მთავარი ვთქვი.
ეს - „არ მიიღება".
ახლა კი საკითხი, რასაც ზოგიერთები ყურადღებას არ აქცევენ. ლაპარაკობენ - ნასამართლეობა მოხსნილია, ნასამართლეობა გაქარწყლებულიაო. არა, ბატონებო. აქ ამაზე საერთოდ საუბარი არ არის.
მუხლი 34 პროკურატურის მუშაკის პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ ჩამოთვლის „უწყინარ" შემთხვევებს და, ამასთან ერთად, გვეუბნება ერთს - ყველაზე მთავარს, რომ წინა 33-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას პირი არა მარტო არ მიიღება პროკურატურაში, არამედ თუ მუშაობს პროკურატურაში და ნასამართლევი გახდა, უნდა დაითხოვოო. დაუყოვნებლივ, და ეს დავის საგანი არ არის.
ე. ი. სამართლებრივი საფუძველი ასეთია: პროკურატურაში არ შეიძლება მუშაობდეს კაცი, რომელსაც ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყლებულიც რომ ჰქონდეს.
აქ საუბარი არ არის სისხლის სამართლებრივ ინსტიტუტზე, ნასამართლობის მოხსნაზე ან გაქარწყლებაზე. აქ საუბარია ნდობის პრეზუმციაზე. ეს არის სპეციფიკური სამსახური, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხში ითხოვს განსაკუთრებულ მიდგომას: აქ მომუშავე ადამიანები არ უნდა იყვნენ ნასამართლეობის მქონე. ასეთივე მოთხოვნაა პოლიციაზე, საერთო სასამართლეობისა და კონსტიტუციურ სასამართლოს მოსამართლეებსა და სპეცსამსახურების თანამშრომლებზე.
ასეთივე წესი მომქედებს ყველა ქვეყანაში.
მე მოვისმინე სხვადასხვა ინტერპრეტაციები, მათ შორის, რომ გავიდა ამდენი და ამდენი წელიწადი და, შესაბამისად, ბატონ ფარცხალაძეს მოხსნილი აქვს ნასამართლობა და უფლება აქვს გააგრძელოს მუშაობა.
მცდარია, სამწუხაროდ, ასეთი პოზიცია. კანონი ამას არ ითვალისწინებს.
ვერცერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, სადაც ეს წესი დარღვეულია. პრეზიდენტები იანუკოვიჩი, ლეხ ვალენსა, ნელსონ მანდელა თავის დროს ნასამართლები იყვნენ. მაგრამ, მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი ვერასოდეს გახდებოდა თუნდაც ხარკოვის რომელიმე რაიონის გამომძიებელიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ნასამართლობა - მოხსნილი და გაქარწყლებული ჰქონდა.
აქ სიახლე არაფერია, რომ იტყვიან, ცუდად დავიწყებული ძველია.
არის სხვა დარღვევებიც ოთარ ფარცხალაძის შრომით ბიოგრაფიაში, მაგრამ ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებ, რადგან გულწრფელად მიმაჩნია, რომ წაბორძიკებულ კაცს ხელი არ უნდა ჰკრა. ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს, რა შედეგითაც გინდა დამთავრდეს მის წინააღმდეგ აგორებული სკანდალი.
- რა უნდა ქნას ამ ახალგაზრდა კაცმა?
- ყველა წამოჭრილ კითხვას უნდა უპასუხოს - ან უარყოს, ან დაადასტუროს. მაშინ გამოჩნდება, არის თუ არა ეს პოლიტიკური ინსინუაცია, წესიერ კაცს აბრალებენ მოგონილ ამბავს, თუ არა.
გერმანიაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განაჩენი და სასამართლო გადაწყვეტილება არის საჯარო ინფორმაცია და მისი მიღების უფლება გააჩნია ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ისინი ითვლება პირადი ცხოვრების საიდუმლოდ და მათი გაცნობის უფლება გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ მხარეს, რომელიც მონაწილეობს სისხლის სამართლის პროცესში.
აქედან გამომდინარე, ბატონი ოთარის ადგილზე, მივიტანდი განცხადებას გერმანიის საელჩოში იმის აღნიშვნით, რომ საქართველოში ვრცელდება ინფორმაცია, ჩადენილი მაქვს დანაშაული. ამიტომ აუსბურგის სასამართლოში თუ არსებობს ასეთი ინფორმაცია, გთხოვთ გადაიღოთ მისი ასლი და დიპლომატიური არხებით გადმოაგზავნინოთ.
მას შეუძლია ამის გაკეთება.
ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ეს ინფორმაცია და მასალები გაუთხოვია ვიღაც ადვოკატს. ვინ არის იგი, რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით? გასარკვევია.
დაბოლოს, სავსებით შესაძლებელია, რომ ოთარ ფარცხალაძე ძალიან კარგი ადამიანია, სამწუხაროდ, არ ვიცნობ და დარწმუნებით ვერ ვლაპარაკობ. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ის, რაც მას აუგორეს, არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი, რადგან ამ ყველაფერს ისეთი პოლიტიკური ძალა ახმოვანებს, რომ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. გადასადგმელია კონტრშემხვედრი ნაბიჯები, ისეთი, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.
P. S.
დაბოლოს - ყველას ერთი შეკითხვა:
- მთავარი პროკურორის გადადგომით კიდევ უფრო ხომ არ გალაღდებიან ნაციონალები?
ინკოგნიტო რესპონდენტი:
- თქვენ რასაც ამბობთ, ასეთი ნეგატივი, სავსებით შესაძლებელია, რომ მოხდეს. მაგრამ ეს ნეგატივი შეუდარებლად მსუბუქია იმ რეალობასთან შედარებით, რომელიც არსებობს. ამიტომ ამ ორ უარყოფითს შორის უნდა გაკეთდეს არჩევანი ნაკლებ უარყოფითზე უფრო მეტი მორალური სიმტკიცის სასარგებლოდ. გარდა ამისა, ეს ხელისუფლების სიძლიერესაც ნიშნავს, როცა მას შეუძლია მიიღოს კრიტიკა და აღიაროს შეცდომა. რაც ვერ შეძლო და ვერ მოახერხა თავის დროზე წინა ხელისუფლებამ, როცა, მაგალითად, გირგვლიანის თემა, თუ რობაქიძის თემა იყო ზედაპირზე, მაგრამ არათუ არცერთი თანამდებობის პირი არ დასაჯა, პირიქით, შეუნარჩუნა პოზიციები და დააწინაურა კიდეც. ცხოვრებაში შეიძლება ასეთიც მოხდეს, შეიძლება უარესიც, მაგრამ ხელისუფლებას უნდა ეყოს ძალა იმისთვის, რომ ამ გამოწვევაზე მაღლა დადგეს.
შეიძლება, რომ ამან წუთიერი სიამოვნების განცდა მიანიჭოს კონკრეტულ ოპოზიციურ ძალას, მაგრამ არეალობის სწორად, კარგად გაპიარება-წარმოჩენით, დარწმუნებული ვარ, ექსპერტთა დიდი ნაკადი დადებითად შეაფასებს სიტუაციას და ხელისუფლება, შესაძლებელია, მოგებულ პოზიციაშიც კი აღმოჩნდეს.
გია მეფარიშვილი:
- გალაღდებიან ნაციონალები, გეთანხმებით. აუვარდებათ თავში. ამას მოჰყვება მეორე, მესამე... მე მესმის საპარლამენტო უმრავლესობის სურვილი, რატომ უნდა მთავარი პროკურორის შენარჩუნება. მაგრამ აქ გადაწყვეტილება ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ თვითონ უნდა მიიღოს. მას შეუძლია თქვას, რომ აგორებულ სკანდალურ განცხადებას მოჰყვა პოლიტიკური სიტუაციის გართულება, რომ იგი ამას ემიჯნება, მაგრამ ვინაიდან ქვეყნის სტაბილურობა მისთვის მთავარია, იგი მიდის, და დამთავრდება ყველაფერი.
ვაჟა აბაკელია:
- ამის საშიშროება აშკარად არის. მათ თუ გაუვიდათ, თუ პროკურორი მათი მიზეზით იქნება მოხსნილი, ბუნებრივია, თავის დამსახურებად მიიწერენ. მაგრამ ეს ევრ უშველის: წავა ეს პროკურორი, მოვა - სხვა. პროკურორი კი არ წყვეტს საკითხს, არამედ მათი ჩადენილი ქმედება. შეფასებაც, მე მგონია, უფრო მკაცრი იქნება.
ესენი გაიქცევიან საზღვარგარეთ თავიანთ გულშემატკივრებთან, აუფრიალებენ დოკუმენტებს, ნახეთ, საქართველოში როგორი გენერალური პროკურორი ჰყავთო.
უბედურება რა არის, იცით? იქ, საზღვარგარეთ ეს ჩვენი სულელი სააკაშვილი მაინც ჰყავთ № 1 შუქურად. ვერ ისწავლეს ჭკუა თავიანთივე ისტორიის მაგალითებზე, როცა მეგობრებად ჰყავდათ ისეთი იდიოზური ფიგურები, როგორებიც იყვნენ ბოკასა, ნორიეგა, ჰუსეინი და მათდაგვარი ნაძირალები. დასკვნები ვერ გამოიტანეს, ვერ შენელდა მათი სიყვარული ჩვენი გიჟის მიმართ.