გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, პედაგოგების რაოდენობა, რომლებმაც ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს, ძალიან მაღალია. შედეგები ყველა საგანში ცნობილი არ არის, გამოქვეყნებულია მხოლოდ ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ისტორიის, გეოგრაფიის, მათემატიკის, სამოქალაქო განათლებისა და სახვითი ხელოვნების შედეგები. მიმინოშვილის ინფორმაციით, ფიზიკაში მინიმალური ზღვარი ვარ გადალახა მასწავლებლების 96 %-მა, ქიმიაში - 91 %-მა, ბიოლოგიაში - 77 %-მა, მათემატიკაში - 86 %-მა, ისტორიაში - 57 %-მა, გეოგრაფიაში - 49 %-მა, სამოქალაქო განათლებაში - 82%-მა, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში კი - 74 %-მა. პედაგოგებს, რომლებმაც მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს შესაძლებლობა აქვთ, მომავალ წელს კიდევ გავიდნენ გამოცდებზე. "ალბათ ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ამ შედეგზე და ასე მარტივად არ უნდა მივუდგეთ საკითხს. პედაგოგები არ უნდა დავადანაშაულოთ, ბარიერის დაძლევა რომ ვერ მოახერხეს. მათ ყველა პირობა უნდა შევუქმნათ, რომ კვალიფიკაციის ამაღლება მოახერხონ."- ასე შეაფასა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები.