საქართველოს პრემიერ-მინისტრი სვანეთში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივთა პრობლემები მოისმინა. მოსახლეობა ძირითადად განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს უჩივის. როგორც მათთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუ მისი გადაჭრის გზები სწორად დაგეგმება.
"ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტი არის მოქალაქე, მასზე ზრუნვა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი ინტერესების დასაცავად", - განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის საექსპოზიციო ფონდები და მედიათეკა დაათვალიერა. პრემიერის თქმით, სვანეთს საქართველოში ისტორიულად უდიდესი დანიშნულება ჰქონდა - ის ქვეყნის განძის მცველობის ფუნქციას ასრულებდა.
"აქ ინახება ქართული საგანძურის დიდი ნაწილი - აქ არის დაცული 600-ზე მეტი ჯვარ-ხატი, უნიკალური ფრესკები, რომლებსაც სვანები დიდი პატივით ინახავენ და უფრთხილდებიან", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში მდებარე მშენებარე სასტუმროც მოინახულა და სასტუმროს მეპატრონისგან პირადად მოისმინა ის გეგმები, რომელიც ტურისტების მოსაზიდად გააჩნია. აღნიშნული სასტუმრო ექსპლუატაციაში 2014 წლის გაზაფხულზე შევა, 2014 წლის ზაფხულში კი 100 სტუმრის მიღებას შეძლებს. ობიექტის ამოქმედების შემდეგ, 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.