„ნაციონალები" შოკში არიან, რამდენი მაგათ ფეხი გადაუბრუნდებათ, იმდენჯერვე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, თუმცა ეს ყველაფერი სასაცილოდ არ ჰყოფნის საპარლამენტო უმრავლესობას. როგორც ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ალიასთან" საუბარში აცხადებს, „ნაციონალებს" ეს ქვეყანა უკვე საგამოძიებო კომისია ჰგონიათ...
„ალიას" ესაუბრება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე:
- ქალბატონო მანანა, მოდით, საუბარი დავიწყოთ ვანო მერაბიშვილის ვირეშმაკობით, რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში, ვინმეს თუ სჯერა, მისი განცხადებების?- მიუხედავად იმისა, რომ ვანოს თემა თითქმის სკანდალად აქციეს „ნაციონალებმა", ეს არის ისეთი ტყუილი, რომლისაც ჩვენთან არავის სჯერა და რა თქმა უნდა, არც მე მჯერა. ეს საკითხი ნამდვილად არ დარჩება დაფარული, რადგან ასეთ რამეს არ გააკეთებს არათუ ბავშვი, არამედ ქვეყნის მთავარი პროკურორი, ეს წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, როცა ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებაში იყო, ასეთი რამ ყოველდღე ხდებოდა, ადამიანებს თავზეც აფარებდნენ, ტყეშიც მიჰყავდათ, დახვრეტის იმიტაციებსაც აწყობდნენ და ძალიან დიდ სასწაულებს სჩადიოდნენ. ეს ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, რათა სასურველი ჩვენებები მოეპოვებინათ. ვანო მერაბიშვილმა არავითარი ნდობა არ დაიმსახურა საზოგადოებაში, რომ ასეთი რაღაც ვინმეს დაეჯერებინა. მე შემიძლია დამეჯერებინა, ხელისგულზე რომ არ იდოს გირგვლიანის მკვლელობა, სადაც მისი ცოლის ხელიც ურევია. მე დავიჯერებდი მის სიტყვებს, თავად რომ არ განეცხადებინა ჟვანიას სიკვდილის შემდეგ, ხელისუფლების სასურველი ვერსიის შესახებ. მას არავითარი მტკიცებულება არ ეჭირა ხელში, მაგრამ იმავე დილას გამოვიდა და თქვა, ეს ადამიანი გაზით გაიგუდაო. ასევე დავიჯერებდი, ლაფანყურის შესახებ სიმართლე რომ ვიცოდეთ, მას რომ ეთქვა, რა ხდებოდა რეალურად ამ სპეცოპერაციის დროს. დავიჯერებდი, რომ არ ჩაეცხრილათ ვაზაგაშვილი და სხვები, იგივე ბუტა რობაქიძის საქმე რომ არ შეეთითხნათ, დავიჯერებდი, 26 მაისს საშინელება რომ არ დაეტრიალებინათ და შემდეგ, არ გაემართლებინა ეს ყველაფერი. ცხადია, როცა გამოძიება ფინალში გადის და განაჩენი უნდა დადგეს, მერაბიშვილი ყველანაირად ცდილობს, ეს თემა ასწიოს და თავი წარმოაჩინოს, როგორც ტანჯული ადამიანი, აი, თურმე რა დღეში აგდებენ მას და როგორ ექცევიან, ამით სურს, ყურადღება მიიქციოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ევროპაში. დამერწმუნეთ, ის ვერანაირ თანაგრძნობას საზოგადოების თვალში ვერ იპოვის, ეს დაახლოებით იგივეა, „ნაცისტ" გებელსს რომ ეთქვა, ვიღაცა ცუდად მომექცაო.
- ქვეყნის შიგნით მისი არავის სჯერა, „ნაციონალების" გარდა, მაგრამ ქვეყნის გარეთ, ანუ ევროპაში, რა ხდება?- დამერწმუნეთ, ახალ ხელისუფლებას უკვე აქვს საკმაო ავტორიტეტი, საკმაო ნდობა და ჩვენი მხრიდან აუცილებლად დაიდება არგუმენტები, რაც დაამტკიცებს ამ ადამიანის ცრუპენტელობას. ვისაც ევროპაში ეს საკითხები აინტერესებს, ისინი უკვე ინფორმირებულები არიან. ალბათ, ხედავ, რომ აღარ კეთდება ისეთი განცხადებები, როგორიც კეთდებოდა დაახლოებით 4-5 თვის წინ. ჩვენ გულხელდაკრეფილები ნამდვილად არ ვსხედვართ და ბუნებრივია, ამას შედეგიც მოჰყვება. ეს გახლავთ მახე, რომლის მერაბიშვილი კარგა ხანია გეგმავდა მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ, მას სჭირდებოდა რაღაც ხაფანგი, რომლის საშუალებითაც მთავარ პროკურორს ჩამოაცილებდა საქმეს. ეს იქნებოდა ყველა იმ საქმის შეფერხება, რაც დღეს მიმდინარეობს. დამერწმუნეთ, პროკურატურაში უკვე არსებობს ნება და არც ერთი დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი. მიუხედავად მავანთა რეგალიებისა და ჟინიანობისა, არც ერთი მათგანი არ დარჩება დაუსჯელი. რა თქმა უნდა, პროკურატურამ ყველა მტკიცებულება უნდა წარადგინოს სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, ეს მოხერხდება კიდეც. „ნაცებს" ჰგონიათ, რაც მეტს იყვირებენ და ცხვრის ტყავს მოირგებენ, თავისას გაიტანენ. ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. საზოგადოების დაკვეთა სწორედ ის არის, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს კანონის წინაშე.
- მეორე სკანდალი უკავშირდება გიგი უგულავას, როგორ ფიქრობთ, მოსამართლე დალი მეტრეველმა შეასრულა კოტე კუბლაშვილის დავალება, რათა აწ უკვე თბილისის ყოფილი მერი, ციხეში არ აღმოჩენილიყო? სხვათა შორის, ამ ადამიანს 48 მილიონის გაფლანგვას ედავებიან, მაგრამ მთელმა თბილისმა იცის, რომ ასობით მილიონია გამქრალი.- შეიძლება ასეც არის, მაგრამ ამჯერად ედავებიან კონკრეტულ დანაშაულზე. მერე რა, რომ ის არჩევით თანამდებობაზე იყო?.
- სხვათა შორის, ისიც კარგად ვიცით, როგორი არჩეულიც იყო...- კი ბატონო, ვიცით, რა ხდებოდა მაშინ არჩევნების პერიოდში, ეგეც ისევე იყო არჩეული, როგორც მიშა 2009 წელს. ის 54 % როგორ აქვთ „ნაცებს" მოპოვებული, ეგეც მშვენივრად ვიცით. თუნდაც 90 %-ით იყოს არჩეული გიგი უგულავა, თუ კანონს არღვევს, თუ ასეთ სერიოზულ დანაშაულზე ბრალი აქვს წაყენებული, რატომ უნდა იყოს ისევ თანამდებობაზე, ისევ ბიუჯეტთან რატომ უნდა ჰქონდეს შეხება და იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ის დანაშაულებრივ ალიანსში იყო? როცა ასეთი ეჭვები არსებობს, ცხადია, ის აღარ უნდა იყოს თბილისის მერი. 48 მილიონი კი არა, ერთი ბოთლი ლუდი რომ ჰქონოდა უკანონო გზით მოპოვებული, იმაზეც პასუხი უნდა ეგო. სხვათა შორის, ეგენი ერთ ბოთლ ლუდზე ადამიანებს იჭერდნენ და ისეთ სასჯელს აკისრებდნენ, გაგიკვირდებოდათ. ჩემთვის ყოვლად გაუგებარია, რა პრინცინპებით იხელმძღვანელა დალი მეტრეველმა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ბრალი ედება სამი მიმართულებით და ამ ეტაპზე კონკრეტულად ედავებიან 48 მილიონის გაფლანგვას, რატომ არ დააკმაყოფილა მან პროკურატურის მოთხოვნა? სხვათა შორის, იყო შემთხვევები, როცა მოსამართლეები თავს იკავებდნენ, ზოგიერთი „ნაციონალის" დაპატიმრებისგან, ხან საპარლამენტო უმცირესობის წევრები დგებოდნენ თავდებში, ხან საპატრიარქო დგებოდა შუაში, მეუფეები, მაგრამ ეს მომენტი ჩემთვის უკვე ძალიან გასაკვირია. ერთი კითხვა მაქვს პირადად გიგი უგულავასთან, ალბათ, წაიკითხავს ჩემს ინტერვიუს: დღეს რომ აცხადებ, ზეწოლა იყო მოსამართლეებზეო, მაშინ არ იყო ზეწოლა, როდესაც 50 ათასი ლარი დაგაკისრეს და შენმა გუნდმა ტაში შემოჰკრა დარბაზში?! როდესაც ქალბატონმა მეტრეველმა უფლებამოსილება შეგიწყვიტა, მაშინ დაიწყო შენზე ზეწოლა?.. ვერ გავიგე, ეს მოსამართლე სანახევროდ ზეწოლის ქვეშ იყო და სანახევროდ - არა?!. დღეს თუ მოსამართლეებს ვინმე კარნახობს ზემოდან, ეს გახლავთ კოტე კუბლაშვილი. ისევ თქვენ თავისუფლდებით იმ მოსამართლეების მეცადინეობით, რომლებიც ისევ კუბლაშვილის დიქტატის ქვეშ არიან. სამწუხაროდ, დღეს ასეთი რეალობა გვაქვს, პროკურატურისგან სასამართლო უკვე თავისუფალია, მაგრამ არ არის თავისუფალი მისი თავმჯდომარისგან.
- ეგ ჩვენც ვიცით, მაგრამ რა ეშველება ახლა ამ საქმეს?- როდესაც ერთი ძმა „ნაციონალების" ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო მეორე ძმა სასამართლოს უდგას სათავეში, რანაირად უნდა იყვნენ მოსამართლეები დამოუკიდებლები? ამას ვერავინ დამაჯერებს, ეს არის გამორიცხული.
- ჩემზე კარგად იცით, რომ კოტე კუბლაშვილი მოსაშორებელია, ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ პარლამენტს, ამაზე არ ფიქრობთ უმრავლესობაში?- ეს ძალიან სათუთი თემაა, სასამართლოს თავმჯდომარე არჩეულია 10 წლით, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ იგივე ევროპაში არ დაიწყონ ლაპარაკი არადემოკრატიულ პროცესებზე. როდესაც სასამართლოს არჩეულ თავმჯდომარეს შევუჩერებთ უფლებამოსილებას, ეს ძალიან ცუდად გაჟღერდება საერთაშორისო ასპარეზზე. ევროპელებისთვის წარმოუდგენელია, რომ თავმჯდომარე მოსამართლეებზე ახდენდეს ზეწოლას. უნდა დაიდოს უტყუარი ფაქტები და გარემოებები, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლის.
- მთელი ქვეყანა ხედავს, რას აკეთებს კუბლაშვილი, მეტი რაღა ფაქტები გინდათ?- სამწუხაროდ, ამაზე ისევ უნდა იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ჩვენ არა გვაქვს უფლება ამა თუ იმ მოსამართლის ნაცვლად შევიდეთ რაღაც მოთხოვნებით, ამის შესახებ ისევ მოსამართლეებმა უნდა იმსჯელონ, ეს მათი გამოსაკვლევი და გამოსაძიებელია. თქვენ წარმოიდგინეთ, სასამარალოს ბედი ისევ სასამართლოს ხელშია. პარლამენტს დღეს არა აქვს ისეთი ფაქტები, რასაც ჩაეჭიდება და იმპიჩმენტს მოუწობს კოტე კუბლაშვილს. ალბათ, გახსოვთ, ცნობილი საქმე, რომელიც უკავშირდებოდა ტურავა-გვენეტაძეს, ამ ადამიანებზე მაშინ იმსჯელა უმაღლესმა საბჭომ. დადეს დასკვნა და ამის მიხედვით გაუშვეს ისინი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დასკვნას არ ვენდობით და ხელახლა გამოვიკვლიეთ კიდეც, ჩვენ ხელახლა გადავუგზავნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოვთხოვეთ რეაგირება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ტურავა-გვენეტაძეს სწორედ პარლამენტმა შეუწყვიტა უფლებამოსილება. ეს შეთითხნილი საქმე პარლამენტში შეიტანეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ერთი პურის მოპარვის გამო ადამიანებს აპატიმრებდნენ, დღეს 48 მილიონზე ადამიანი დარბაზიდან გამოუშვეს. აქ ხომ რაღაც დაინტერესებასთან გვაქვს საქმე?..
- კი მაგრამ, კიდევ რამდენ ხანს უნდა ვუყუროთ კუბლაშვილის მაიმუნობას?..- ის არის 10 წლით არჩეული და როგორც მე ვიცი, ერთი წელი კიდევ დარჩა. ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული სხვა დამანაშავეების მიმართ და როგორი შედეგი დადგება.
- 22 დეკემბერს „ნაციონალები" თავიანთ „ბუნაგში" შეიკრიბნენ და გამოაქვეყნეს 5-პუნქტიანი მოთხოვნა...- კი, მე გავეცანი მათ მოთხოვნებს და ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. თუ ვინმე მოსამართლეზე ზეწოლას ახორციელებს, ეს უნდა თქვას თვითონ მოსამართლემ, ეს არის მისი ვალდებულება, კანონი ავალდებულებს. თუ ასეთი რამ მოხდა და მოსამართლე მალავს, მაშინ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ვერ გავიგე, დღეს მოსამართლეების უფლებებს ბრალდებული გიგი უგულავა იცავს? ნება იბოძოს ქალბატონმა დალი მეტრეველმა და თქვას, იყო თუ არა მასზე ზეწოლა?
- საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა უკვე განაცხადა, რომ არავითარი ზეწოლა არ ყოფილა...- კი, ბატონო, გამოვიდნენ ყველანი, არავინ არ უშლით მათ ხელს, ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სრულიად თავისუფალია, თქვან, ვინმემ თუ დაურეკათ ან სიტყვიერი განკარგულება თუ გასცა... ვიმეორებ, ეს არ არის მათი სურვილის მიხედვით გადასაწყვეტი, ისინი კანონის ძალით არიან ვალდებულნი, რომელიმე ადვოკატს რომ დაერეკა მოსამართლესთან, ავტომატურად დადგებოდა მისი პასუხისმგებლობის საკითხი. თუკი მოსამართლეები ზეწოლაზე არ ლაპარაკობენ, მაშინ, რას ითხოვს გიგი უგულავა?. ჩვენ ნამდვილად არ გვცალია, რომ „ნაციონალების" ყოველ წამოძახილზე საპარლამენტო კომისიები შევქმნათ, ჩემთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ ბათუმში ბორანი დაიტვირთა მანდარინით და წავიდა უკრაინაში, ვიდრე ამათი უაზრო გამოხტომები. ჩვენ „ნაციონალების" განცხადებებზე საკმარისი დრო დავკარგეთ, 9 წლის განმავლობაში მაგათზე ვიყავით დამოკიდებული და მაგათ ახირებებს შეეწირა ქვეყანა. ახლა ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. როდესაც სახალხო დამცველის გამოძახებას ითხოვენ პარლამენტში, გაიხსენონ, რატომ არ მოიწვიეს პარლამენტში იმჟამინდელი სახალხო დამცველი, როცა გირგვლიანი მოკლეს. სხვათა შორის, მაშინ კომისიის შექმნას ითხოვდა იმჟამინდელი ოპოზიცია, მაგრამ ეგენი იყვნენ ხელისუფლებაში და არ შექმნეს. აბა, ახლა კიდევ იძახიან ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა განიხილოს მერაბიშვილისა და უგულავას საქმეებიო... თუ არ იციან, შევახსენებ, რომ იმავე კომეიტეტში დღეს მათ წინააღმდეგ 13 ათასი განცხადება დევს. როდესაც ამ კომიტეტში ლაშა თორდია იჯდა, მას არც ერთი განცხადება არ განუხილავს, ეს სტრუქტურა საერთოდ არ მოქმედებდა. უხერხულია, როცა დღეს „ნაციონალები" რაღაც საგამოძიებო კომისიების შექმნაზე ლაპარაკობენ. პროკურატურა მუშაობს ძალიან აქტიურად, თუ მოსაემართლეებზე ვინმე ზეწოლას ახდენს, მათ განაცხადონ, გამოძიება ჩატარდება და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი... ამათ რომ ჰკითხოთ, ვისაც დაიჭერენ, ყველას პოლიტპატიმარს არქმევენ. ვერ გავიგე, რამდენი „ნაციონალებს" კბილი და თავი ასტკივდებათ, მთელმა ქვეყანამ ამაზე უნდა ილაპარაკოს?! უკაცრავად, მაგრამ ეგენი ხალხს აუპატიურებდნენ, ციხეებში ხოცავდნენ, ქუჩებშიც არ ინდობდნენ და ახლა მითხრან, როდის შექმნეს საპარლამენტო კომისიები. მე მოვუწოდებ „ნაციონალებს", ქართველ ხალხს კიდევ უფრო ნუ აღიზიანებთ, იცოდეთ, ამდენი აგრესია უკვალოდ არ ჩაივლის!..
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"