ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ანზორ ერქომაიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას ქართული ფოლკლორის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
„როგორც მოქალაქემ და ფოლკლორის დიდმა თაყვანისმცემელმა, მინდა მოგახსენოთ ჩემი აზრი ანზორ ერქომაიშვილის შესახებ. მე მგონია, ამაში არ ვარ მარტო. ანზორ ერქომაიშვილი არის ცოცხალი ლეგენდა, გია ყანჩელმა სწორად თქვა, რომ ის არის ქართული მრავალხმიანობის პატრიარქი. პირადად მისი დამსახურება არის ის, რომ 2001 წელს „იუნესკომ" ქართული მრავალხმიანობა მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა.
1968 წელს მან დააარსა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „რუსთავი" და 1979 წელს დააარსა „მართვე." ამ დროისთვის ათი ათასზე მეტი ახალგაზრდა გამოზარდა იქ, გადაარჩინა ნარკომანობას, უბედურებას და ჩააყენა ქვეყნის სამსახურში. იგი არის უდიდესი ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში პოლიფონიაში და ფოლკლორისტიკაში. ჩამონათვალი მისი დამსახურებებისა ძალიან შორს წაგვიყვანს და მე არც მეყოფა განათლება, რომ ავღწერო რას ნიშნავს ანზორ ერქომაიშვილი ჩვენი კულტურისთვის. საუბარია ამ ადამიანზე, რომელმაც ამდენი რაღაცა გაუკეთა თავის ქვეყანას", - განაცხადა ვასაძემ „რეპორტიორთან" საუბარში და ანზორ ერქომაიშვილის მიღწევებზე ისაუბრა.
„ლონდონში და მოსკოვში არქივებში პრაქტიკულად გადაგდებული უნიკალური ჩანაწერები, 1901-1914 წლებში ფირმა „გრამაფონის" მიერ გაკეთებული ქართული მრავალხმიანობის ნიმუშებისა, საკუთარი ხარჯებით მოიძია, ჩამოიტანა საქართველოში და აჩუქა ოქროს ფონდს. ეს არის ცოცხალი ლეგენდა - მე ასე ვიტყოდი და ვუთანაგრძნობ კულტურის სამინისტროს. ამ დაპირისპირებაში უხეხულად გრძნობენ თავს, მაგრამ ჩემი აზრით, ანზორ ერქომაიშვილს თუ არ დაიცავს კულტურის სამინისტრო, აბა რაღა დარჩება დასაცავი ჩვენი კულტურისა. ამ თვალსაზრისით ჩემთვის ძალიან გასაკვირი და მიუღებელია ის კადნიერი და უსამართლო ეპითეტები, რომლითაც ანზორ ერქომაიშვილს ამკობენ.
მე მესმის, რომ თანამედროვეობა უარყოფს გვარიშვილობას და ოჯახისშვილობას, მაგრამ მოდით ისიც ვახსენოთ, რომ ანზორ ერქომაიშვილი არის როგორც მინიმუმ სამასწლიანი გვარის გამგრძელებელი, რომელიც მოდგმით ემსახურება ქართულ მრავალხმიანობას. მამამისი დავითიც, ბაბუამისი არტემიც, მისი დიდი ბაბუა გიგოც არიან ის ბოძები, რომელზეც გამყარებულია ქართული მრავალხმიანობა. 1977 წელს პატრიარქის აღსაყდრების დღიდან, ანზორ ერქომაიშვილმა უდიდესი მხარდაჭერა გამოუჩინა ჩვენს ეკლესიასაც არა მარტო საერო მრავალხმიანი სიმღერის შენარჩუნება-განვითარებაში, არამედ საეკლესიო გალობის აღდგენაში. მოდით, კონკრეტულად მის მიერ გაზრდილ ადამიანებზე ნუ მკითხავთ, ათი ათასი კაცი გაზარდა და ერთი-ორი უმადური რომ გამორეულიყო, ამაში გასაკვირი ჩემი აზრით, არაფერია", - განაცხადა ლევან ვასაძემ.
შეგახსენებთ, რომ დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი უშიკიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უშიკიშვილმა ბრალი ანზორ ერქომაიშვილს დასდო და განცახდება „ფეისბუქის" გვერდზე გააკეთა:
„აჰა, ასე აღადგინა სამართლიანობა ანზორ ერქომაიშვილმა. არაუშავს, ეს დასაწყისია დიდი ბრძოლის, მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის", - განაცხადა უშიკიშვილმა.
კომპოზიტორი, გია ყანჩელი უშიკიშვილის განცხადებას გამოემხურა და აღნიშნა, რომ ანზორ ერქომაიშვილის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება და მისი დადანაშაულება დანაშაულია, რადგან ერქომაიშვილმა ქართული ფოლკლორის აღორძინებისათვის ბევრი რამ გააკეთა.
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ანზორ ერქომაიშვილის სახელის სხსენება ასე აუგად მოხდებოდა. ბრძოლა საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტების მიმართ მხოლოდ შურისა და ნიჭის უკმარისობის ბრალია. არ მიკვირს, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ანზორს არა მხოლოდ აუგად მოიხსენიებენ, არამედ კონტექსტში საუბრობენ ცნებებით, როგორცაა - მაფია და სხვა. ამან განაპირობა ჩემი სურვილი, რომ ეს განცხადება გამეკეთებინა. ერქომაიშვილი როგორც მოვლენა, ერთია, იშვიათი, განუმეორებელი და უნიკალურია. მას თავის სფეროში ბადალი არ ჰყავდა და არც ჰყავს. გაკვირებული ვარ იმ პიროვნებების ვაჟკაცობით, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ ისაუბრონ იმაზე, რომ ერქომაიშვილს არ აქვს უფლება სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობდეს. მათი მიკვირს იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ის თავის სფეროში პატრიარქად რჩება", - განაცხადა ყანჩელმა.