reportiori.ge - დავით საგანელიძე: სანამ საზოგადოებას არ ეცოდინება სიმართლე, არსად არ წავალ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:17
პრეს-დაიჯესტი
დავით საგანელიძე: სანამ საზოგადოებას არ ეცოდინება სიმართლე, არსად არ წავალ!
ავტორი:
28 დეკემბერი, 2013. 19:10

საქართველოს მთავარი პროკურორის მიმართ პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვა არ ცხრება. „ნაციონალები" ხელისუფლებას ოთარ ფარცხალაძის პოსტიდან გადაყენებას ურჩევენ და მის ნასამართლეობაზე აპელირებენ. უმცირესობისგან განსხვავებით კი უმრავლესობის ერთი ნაწილი, გერმანიაში მომხდარ ინციდენტში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, მეორე ნაწილი კი, ამ დრომდე შეფასების გაკეთებისგან თავს იკავებს.მოსალოდნელია თუ არა ოთარ ფარცხალაძის თანანმდებობიდან გათავისუფლება და როდის წავა პოლიტიკიდან უმრავლესობის ლიდერი? - ამ საკითხებზე, ფორ.გე  დავით საგანელიძეს ესაუბრა:
- მთავარი პროკურორი ადასტურებს, რომ 2000 წელს, გერმანიაში პოლიციელთან ინციდენტი შეემთხვა. ოთარ ფარცხალაძის ინფორმაცია, სარწმუნოდ გეჩვენებათ?- მთავარი პროკურორის სიტყვების სიმართლეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს. ის პერიოდი მახსოვს, როცა ქართველები დასავლეთსა და რუსეთში, გაურკეველ ვითარებაში აღმოვჩენილვართ. ის, რომ ინციდენტი მომხდარიყო, აბსოლუტურად რეალურია. ეს ფაქტი, 12 წლის წინ მოხდა და ყველაფერს თავისი ხანდაზმულობა აქვს. ამას გარდა, ფარცხალაძესთან მიმართებაში, პრეტენზიები გერმანიას არ აქვს, ანუ, ამ საქმეს სამართლებრივი გაგრძელება არ ჰქონია, შესაბამისად, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება საკითხის მორალურ მხარეს, მორალზე საუბარი გამართლებულად იმ ადამიანების მხრიდან არ მიმაჩნია, რომლებიც წლების განმავლობაში, არაადამიანურად იქცეოდნენ.
- უმრავლესობის წევრთა ნაწილი ფარცხალაძის ნასამართლეობაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა, ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ფლობდით?- არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, მაგრამ როცა ამ თემაზე, ბრალდებული უგულავა საუბრობს, რომელსაც სახელმწიფო ათეულობით მილიონ ლარს ედავება, რა შეფასება უნდა გავაკეთო?! არცერთი ბრალდებული არ მინახავს, რომელიც თავის თავს უდანაშაულოდ არ თვლიდეს და საგამოძიებო სტრუქტურებს არაობიქტურად არ მიიჩნევდეს. თუ გინდ ისე იყოს, რაზეც უგულავა საუბრობს და ამ ადამიანს სასჯელი მოხდილი ჰქონდეს, კანონით არანაირი ვალდებულება არ არსებობს, რომ მას ამ თანანმდებიბის დაკავება ეკრძალებოდეს. ანუ, კანონთან წინააღმდეგობაში არ მოვდივართ. როგორც იქნა, პროკურატურამ გახმაურებული თემების შესწავლა სერიოზულად დაიწყო.
- ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ „ნაციონალები" ფარცხალაძეს თავს, უწყების გააქტიურების გამო ესხმიან?- რა თქმა უნდა. ფარცხალაძე ისევ ძველ პოსტზე რომ ყოფილიყო, ის დღეს არ გაახსენდებოდათ. მათ ის აწუხებთ, რომ ფარცხალაძე როგორც პროკურორი, ძალიან აქტიურია და ის საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე საქმეებს იძიებს. როგორც ჩანს, მათ სწორედ ეს არ მოსწონთ და მისი დისკრედიტაცია სურთ.
- ფაქტია, რომ უმცირესობის ლიდერები კბილაშვილის უწყებისგან განსხვავებით, ფარცხალაძის სისტემას კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ. რატომ გააქტიურნენ ნაციონალები - დაჭერების სერია გაგრძელდება და მათ ეს აშინებთ?- პროკურატურა ძალიან აქტიურად იმ თემებს იძიებს, რომელიც მათ ყველაზე მეტად გულზე მოხვდათ. მათ იმუნიტეტის აფარება სურთ და მათი მიზანია, ყველა სისხლის სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ, რის საშუალებასაც, მათ არ მივცემთ. მერაბიშვილ-უგულავამ განცხადებები გააკეთეს და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს, თუმცა, მათი მხრიდან, ამ წინადადების დაყენება, მასხარად აგდება არ არის?! ამ საკითხს, შესაბამისი უწყებები შეისწვალიან და საზოგადოებას ინფორმაციას წარუდგენენ. წინა პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიამ გამოძიება 2008 წლის ომის საკითხზე დაიწყო, რის შედეგადაც, ათასობით ადამიანი დაზარალდა. თუმცა, ამ საკითხზე გამოძიება ახლაც მიმდინარეობს.
- საპარლამენტო კულუარებში რამდენიმე დეპუტატის შესაძლო დაკავების თაობაზე, ინფორმაცია ვრცელდება. გამორიცხავთ, რომ ციხეში რამდენიმე დეპუტატიც მოხვდეს?- პარლამენტის წევრები ის პირებიც არიან, რომელთაც მაღალი პოსტები ეკავათ. მათი მმართველობის დროს, აქტიურად ხორციელდებოდა სახელმწიფო რეკეტი, ქონების წართმევა, ადგილი ჰქონდა კორუფციას და ა.შ. ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების უზურპაციის ქვეშ იმალებოდა. ვისაც სიკეთე აქვს გაკეთებული, მას არაფერს მოსთხოვენ, თუმცა, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველამ პასუხი უნდა აგოს. ნუ გიკვირთ, ეს ადამიანები ციდან ჩამოფრენილები არ არიან. ისინი თანანმდებობის პირები იყვნენ.
- სამართალდამცავი უწყების წინაშე, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილიც წარდგეს? მართალია, ყოფილი პრეზიდენტი დასავლეთშია, მაგრამ მისი დაკითხვა, ისევ განიხილება?- ჩემი მეგობარი მიყვებოდა, რომ პრაღაში ვიყავი, როცა, კაფეში ვაცლავ ჰაველი შემოვიდა და ხალხი ფეხზე წამოდგაო. ნეტა, იმ დროს მოვესწრო, როცა საქართველოს ნებისმიერი პრეზიდენტი ქუჩაში ისე გაივლის, რომ მას სიყვარულით შეხვდებიან და ის არ იქნება დაშინებული და შეურაცხყოფილი. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ის საქართველოში ჩამოვა და გააქტიურდება, ეს ილუზიებია, რომ მას ხალხი ფეხებში ჩაუვარდება და მიშა, მიშას ძახილს დაუწყებს. როცა მართალი ხარ, როცა არაფერი გაქვს დასამალი და არ გეშინია, მაშინ თამამამი ხარ. როცა უამრავი დანაშაული გაქვს ჩადენილი და გეშინია, მაშინ ქვეყნიდან წასული ხარ. სააკაშვილს ურჩევნია, ჩამოვიდეს, ქუჩაში თამამად გაიაროს და ხალხს თავისუფლად შეხვდეს და არა ისე როგორც, 700-კაციანი ამალით დადიოდა. იქედან გამომდინარე, რომ ის მოსახლეობას საერთოდ ემალება, ე.ი. მას რაღაც აქვს დაშავებული. თუ სააკაშვილი დამნაშავეა, ის დაისჯება, მაგრამ მჯერა, რომ მის გარეშე ამდენი უბედურება ვერ მოხდებოდა. ალბათ, ყველა საკითხი შესწავლილი იქნება და გაირკვევა ის, თუ რას აკეთებდა კარგს და რას ავს.
- რაც შეეხება თქვენი პოლიტიკიდან წასვლის საკითხს. ბიზნესში დაბრუნებას და ხელისუფლების დატოვებას აპირებთ? - არაფორმალურ შეხვედრაზე, ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ვთქვი, რომ ალბათ, პოლიტიკიდან უნდა წავიდე, რადგან მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და სასურველია, ახალი თაობები მოვიდნენ-თქო. გამიკვირდა, რომ არაფორმალურად ნათქვამ სიტყვას აჟიოტაჟი მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ განმარტებები გავაკეთე. ეს აჟიოტაჟი იმაზე მიუთითებს, რომ ჟურნალისტებს ძალიან დიდი ძალა გაქვთ და ზოგჯერ, ბუზისგან გახდით სპილოს. ჩემს საკითხზე, ზოგს გული დაწყდა, ზოგმა კი მკაცრად მითხრა, რომ ვალდებულებები გაქვს და არსად წახვიდეო.
- ვინ გითხრათ, არსად წახვიდეო?- მეგობრებმა და ძმამ. წასვლა მართლაც რომ მინდოდეს, სანამ გარკვეულ საკითხებს წერტილს არ დავუსვამ, პოლიტიკიდან არ წავალ!
- რა საკითხებს, გულისხმობთ?- ერთ-ერთმა გაზეთმა, თაღლითების ჯგუფის მიერ მომზადებული ყალბი დოკუმენტაცია გამოაქვეყნა და პარტიის რამდენიმე ლიდერს აგენტობა დაგვაბრალა. თითქოს, ჩვენ მოსყიდულები ვიყავით. ეს იყო ფალსიფიცირებული დოკუმენტები და ქსეროასლები, რის გამოც, სასამართლოსა და პროკურატურას მივმართე. ამ საკითხის გამოძიება კბილაშვილს კატეგორიულად მოვთხოვე. ასევე, ეს საკითხი დავაყენე ირაკლი ღარიბაშვილს წინაშეც. ამ ყალთაბანდებმა პასუხი უნდა აგონ. სანამ ეს თემა არ გაირკვევა და დავით საგანელიძის ირგვლივ ერთი კითხვაც რომ დარჩეს, პოლიტიკიდან წასვლის უფლება არ მაქვს.
- თქვენი მიმართვის საფუძველზე, რატომ არ დაიწყო გამოძიება?- სამწუხაროდ, ამ თემაზე დაკითხული არავინ არ არის, რის გამოც, ჩემგან პროკურატურამ სერიოზული საყვედურები მიიღო და მიპასუხეს, რომ ეს საქმე რიგითობაში ჩასვეს. საქმე რამდენიმე ლიდერს გვეხება და არ უნდა გავიგოთ, ვინ ქმნის ყალბ დოკუმენტებს? ეს დოკუმენტები შესწვლილი უნდა იქნეს, რადგან ჩემი პატივი და ღირსება მაქვს. მთელი ცხოვრება, ჩემი სახელით და გვარით მოვდივარ და არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემს სახელს ჩრდილი მიაყენოს. ჩემს მიერ გადადგმული არცერთი ნაბიჯის არ მცხვენია და თუ ერთი კითხვა მაინც რჩება, ჩემს დაკითხვას მოვითხოვ. სამწუხაროდ, პროკურატურა პასიურობს, რის გამოც, ჟურნალისტებს ვთავაზობ, რომ ამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება დაიწყოს, რომ დაიდოს სურათი - ვინ არის დავით საგანელიძე. თუ გნებავთ, გამოძიება ჩემი ბავშვობიდან დაიწყეთ და ნახეთ, რა მაქვს დანაშაული. იმედი მაქვს, ამ საკითხის შესწავლას პროკურატურაც დაიწყებს და ყველა საბუთს დადებს. მართალი გითხრათ, მხოლოდ ჩემს პატივს და ღირსებას არ ვიცავ, არამედ ჩემი კოლეგებისასაც. იმ ჟურნალისტების გასაგონად კი ვამბობ, რომელთაც პოლიტიკიდან ჩემს წასვლაზე ქილიკი დაიწყეს, რომ საგანელიძე არსად არ მიდის! სანამ, ის არ დაიდება - ვინ იყო ამ საქმის გამყალბებელი და წამომწყები, ასევე, სანამ არ მეცოდინება ვინ შექმნა ყალბი დოკუმენტები, რა როლი ითამაშეს ცალკეულმა ადამიანებმა და საზოგადოებას არ ეცოდინებოდა სიმართლე, არსად არ წავალ! ჩემზე საუბარს თავი დაანებონ და თუ რამე აქვთ, დადონ!
თეონა მანაგაძე ფორ.გე 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016