ცნობილი ქართველი ფერმწერის - ელენე ახვლედიანი გარდაცვალებიდან 38 წელი გავიდა.
ელენე ახვლედიანი 1898 წლის 18 აპრილს ქალაქ თელავში დაიბადა. 1906-1907 წლებში ახვლედიანები თბილისში, კლარა ცეტკინის ქუჩაზე, ცნობილი ისტორიკოსის თედო ჟორდანიას ყოფილ სახლში გადმოვიდნენ საცხოვრებლად.
ელენე ახვლედიანმა დაწყებითი სამხატვრო განათლება სკლიფასოვსკის სამხატვრო სტუდიაში მიიღო, რომელიც 1918 წელს მხატვრობის პედაგოგის სპეციალობით დაამთავრა. 1922 წელს სწავლა მან თბილისში ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში განაგრძო. იმავე წელს, როგორც წარჩინებული სტუდენტი, უცხოეთში მიავლინეს. ელენე ახვლედიანი მხატვრობის დიდ ხელოვნებას ჯერ იტალიაში, შემდეგ კი საფრანგეთში ეუფლებოდა. პარიზში კოლოროსის აკადემიაში თავისუფალ მსმენელად სწავლობდა. ხატავდა პარიზის ძველ უბნებს, საქვეყნოდ განთქმული ქალაქის პეიზაჟებს, თუმცა, მშობლიური ქვეყნის ხედებიც არ ავიწყდებოდა. ამ პერიოდშია შესრულებული მისი ცნობილი ტილო „კახეთი, ზამთარი". პარიზში ცხოვრების დროს ელენე ახვლედიანი „დამოუკიდებელთა სალონისა" და „შემოდგომის სალონის" გამოფენებში მონაწილეობდა. 1926 წელს მოეწყო მისი პერსონალური გამოფენაც „კუატრე შემენის" გალერეაში. მის შემოქმედებას კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფრანგულ პრესაში იბეჭდებოდა რეცენზიები ქართველი მხატვრის საინტერესო და ორიგინალური ხელოვნების შესახებ. მონაწილეობდა ჰოლანდიაში გამართულ გამოფენაშიც. 1927 წელს დედის ავადმყოფობის გამო იგი სამშობლოში დაბრუნდა. თბილისში, თელავსა და ქუთაისში მოწყობილ გამოფენებზე ამჯერად ქართველი საზოგადოება გაეცნო ევროპიდან დაბრუნებული მხატვრის მეტად საინტერესო და თვითმყოფად შემოქმედებას. ელენე ახვლედიანი საქართველოს ბევრ კუთხეში მოგზაურობდა და პეიზაჟებს ტილოზე მისთვსი დამახასიათებელი კოლორიტულობით გამოსახავდა.
ახვლედიანი ბაზარში სპეციალურად დადიოდა, რათა გამყიდველების მიერ პროდუქტებისაგან ბუნებრივად შექმნილ ნატურმორტებს დაკვირვებოდა, რათა მერე ტილოზე გადაეტანა. საყოველთაოდ იყო ცნობილი მისი საღამოები, სადაც ქართული ინტელიგენციისა და ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. ელენე ახვლედიანი ბავშვებზე გიჟდებოდა და ნიჭიერ ბავშვებს საახალწლოდ გამოფენის მოსაწყობად თავის დარბაზს უთმობდა. ამიტომაც ეწოდა ბავშვთა სამხატვრო გალერეას მისი სახელი. მხატვარმა საქართველოში საბავშვო წიგნის გრაფიკის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. 1934-1937 წლებში იგი "სახელგამთან" არსებული საბავშვო ლიტერატურის სექტორის მთავარი მხატვარი იყო. მან შეასრულა ილუსტრაციები როგორც ქართველი ავტორების ნაწარმოებებისთვის, ისე უცხოელი მწერლების ქართული გამოცემებითვისაც. წიგნის გრაფიკას იგი შემდგომშიც ინტენსიურად მისდევდა.
ელენე ახვლედიანის მოღვაწეობა მრავალმხრივი და საინტერესო თეატრალური მხატვრობის თვალსაზრისითაც იყო. 1928 წელს რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის მიწვევით იგი თეატრის მხატვარი გახდა. თეატრში მუშაობა მან მთელი სიცოცხლის მანძილზე გააგრძელა, რითაც ქართული თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების განვითარებას დიდი ღვაწლი დასდო. ელენე ახვლედიანმა 72 სპექტაკლი გააფორმა თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების თეატრებში, ასევე მოსკოვის, კიევის, ხარკოვისა და ლენინგრადის თეატრებში. ის ქმნიდა დრამატული და მუსიკალური ნაწარმოებების დეკორაციებსა და კოსტუმებს, აფორმებდა სპექტაკლებს თანამედროვე ავტორთა და კლასიკოსთა პიესების მიხედვით, მუშაობდა სხვადასხვა რეჟისორებთან, რომლებიც სულ სხვადასხვა ამოცანებს უსახავდნენ, მაგრამ მის ნამუშევრებში ყოველთვის იგრძნობოდა მაღალი პროფესიონალიზმი და ჩანაფიქრის უტყუარი აღქმა. ასევე მრავალფეროვანი აღმოჩნდა მისი მოღვაწეობა მუსიკალურ თეატრშიც. 1930 წლიდან ელენე ახვლედიანის სახელოსნოში პერიოდულად იკრიბებოდნენ მხატვრები, მუსიკოსები, მწერლები, მეცნიერები. იმართებოდა პატარა გამოფენები და კონცერტები. 1950 წლიდან კი მის ბინა-ატელიეში გამართული ცალკეული მხატვრებისა და ბავშვთა ნამუშევრების გამოფენები ქალაქისთვის უკვე ტრადიციად იქცა. ელენე ახვლედიანმა გახსნა თბილისში „ბავშვთა ნამუშევართა საგამოფენო დარბაზი". 1960 წელს ელენე ახვლედიანს საქართველოს სახალხო მხატვრის სახელი მიენიჭა, ხოლო 1971 წელს რუსთაველის სახ. პრემიის ლაურეატი გახდა.
1975 წლის 30 დეკემბერს ელენე ახვლედიანი გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.