მსახიობ მარინა საღარაძეს ტრადიციულად, ოჯახთან ერთად უყვარს ახალი წლის შეხვედრა.
„განსაკუთრებულად არ ვხვდები ახალ წელს. მიყვარს ტრადიციულად, ოჯახთან ერთად ახალი წლის შეხვედრა. ახალი წლის სათამაშოები ძალიან მიყვარს, ყოველ წელს ახალს ვყიდულობ. ნაძვის ხე დიდია ყოველთვის ჩვენს სახლში და სულ მე ვრთავ", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბარში მარინა საღარაძემ.
მისივე თქმით, წლევანდელ წელს სევდიანად ხვდება. პირველი ახალი წელია, როდესაც მის გვერდით მამამისი არ არის.
„ცოტა სევდიანი წელია ჩემთვის, რადგან პირველად მამის გარეშე ვხვდები. მძიმე წელი იყო. მინდა მალე გავიდეს დრო და არაჩვეულებრივი ცხენის წელი დადგეს. ჩემს შვილთან, რძალთან, დედასთან და შვილიშვილთან ერთად გავატარებ ახალ წელს. შემდეგ მეგობრებთან წავალ", - განაცხადა მარინა საღარაძემ.
მისივე თქმით, ახალ წელს მათ ოჯახში მეკვლედ ყოველთვის ბავშვია.
„ხშირად ჩემი ნათლული, ან ჩემი შვილიშვილია მეკვლე. წელსაც მინდა, რომ შვილიშვილი იყოს მეკვლე. რომ გითხრათ, მეკვლეს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ტყუილი იქნება. უფრო სახლის დიზაინს და მეგობრულ სუფრას ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას", - აღნიშნა საღარაძემ „რეპორტიორთან" საუბარში.