reportiori.ge - Euobserver: ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:49
პოლიტიკა
Euobserver: ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 12:22

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება, - ამის შესახებ ბელგიური გამოცემა Euobserver -ი წერს, რომელმაც ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან ურეკის საზაფხულო რეზიდენციაში ჩაწერა.

სტატიის ავტორი, ანდრიუ რეტმენი აღნიშნავს, რომ საქართველოს მილიარდერ პრემიერ-მინისტრს თავისი ქვეყნის მომავლისთვის "ოცნება" აქვს, მაგრამ ოპონენტები მას დემოკრატიისთვის შექმნილ საფრთხედ მიიჩნევენ.

პუბლიკაციის თანახმად, ივანიშვილს საქართველოს "ტიპურ" ევროპულ საზოგადოებად და დუბაის მსგავს ბიზნესცენტრად გარდაქმნა სურს.

"ეს ჩემი ოცნებაა. ამის შესაძლებლობა არსებობს, თუკი ყველაფერი იდეალურად განვითარდება. რა თქმა უნდა, ამის ძალიან ხმამაღლა თქმა არ მინდა, რომ ვიღაცას არ გაეცინოს. მაგრამ გულის სიღრმეში, მჯერა, რომ ამის შესაძლებლობა არის", - აცხადებს ივანიშვილი ინტერვიუში.

"პოლიტიკაში 2011 წელს შეაბიჯა და 2012 წლის თავისუფალ არჩევნებში ხელისუფლებას ჩამოაცილა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". მან ამ ინტერვიუში თქვა, რომ  პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება, იმისთვის, რომ არასამთავრობო სექტორთან ერთად თავისი გენერალური გეგმის განხორციელებაზე იმუშაოს. გეგმა, საქართველოს ელიტარული კორუფციისგან გაწმენდაში, კარგი სკოლების, საავადმყოფოების და გზების აშენებაში, ასევე უცხოელი ინვესტორების და ტურისტების მოზიდვაში მდგომარეობს", - წერს ავტორი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილის პროკურორებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხუთ მინისტრს, რამდენიმე ჩინოვნიკს და ადგილობრივ მოხელეს ბრალი წაუყენეს საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივ გამოყენებაში, ქრთამის აღებასა და შეკვეთილ მკვლელობებში.

სტატიის თანახმად, ახალი პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ გაანადგურებს სააკაშვილის "შავ ყუთებს" - უკანონო ჩანაწერებს, ფარულ ვიდეოებს და მონაცემებს, რომელიც ქსელში მასობრივი თვალთვალის პროგრამით არის მოპოვებული.

პუბლიკაციის თანახმად, პრემიერი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგეს, მას შემდეგ, რაც იმუნიტეტი ამოეწურება.

"პოლიტიკურად, ამის სურვილი არ მაქვს, მაგრამ კანონის უზენაესობა ყველაზე ვრცელდება", - აცხადებს ივანიშვილი.

პუბლიკაციაში საუბარია 10 მილიარდიან კერძო საინვესტიციო ფონდზეც, რომლის შექმნასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობაზე.

"საერთაშორისო ურთიერთობებში, ის ნოემბერში ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების გზას ადგას და "სერიოზულ წინსვლას" ელის საქართველო-ნატოს ინტეგრაციის მხრივ 2014 წელს. ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველო რაც უფრო აყვავდება, მით უფრო გაიზრდება იმის შანსი, რომ აფხაზებს და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას თანაცხოვრების და გაერთიანების სურვილი გაუჩნდეს", - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ივანიშვილის კეთილი სურვილების არ სჯერა. სტატიაში მოყვანილია გიგა ბოკერიას ციტატა, რომელიც ყოფილი მინისტრების სამართლებრივ დევნას "შერჩევით სამართალს და მთავარი პოლიტიკური პარტიის განადგურებას" უწოდებს.

"ევროკავშირში ერთმა წყარომ, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვეთქვა, გვითხრა, რომ სააკაშვილს "ძალაუფლება მონოპოლიზებული" ჰქონდა და რომ საქართველოს ახლა აქვს "შესაძლებლობა, გახდეს უფრო სრულფასოვანი დემოკრატია". მაგრამ მან ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი ამ საქმისთვის სწორი ფიგურაა. ის არ არის პირველი დიდი ბიზნესმენი, თავის ასაკში, რომელსაც უნდა, თავის თავს დაუმტკიცოს, რომ პოლიტიკოსობაც შეუძლია. ის სწრაფად სწავლობს, მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. ყველა ხაფანგის შესახებ არ იცის", - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ბოკერიას აზრით, ივანიშვილი ერთ ხაფანგში უკვე გაება.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილმა ციხიდან ათობით რადიკალი "ავაზაკი" გამოუშვა, რომლებსაც სააკაშვილის "პოლიტიკური პატიმრები" დაარქვა.

"ბოკერიამ, როგორც უსაფრთხოების საკითხებში ქვეყნის მთავარმა მრჩეველმა, თქვა, რომ მსგავსმა ადამიანებმა სიკვდილამდე სცემეს რამდენიმე სექსუალურ უმცირესობათა უფლებადამცველი თბილისში, მაისში, რასაც მართლმადიდებელი მღვდლები და პოლიცია თვალს ადევნებდა."

ავტორი აღნიშნავს, რომ მოგვიანებით, ივანიშვილმა Euobserver -ში წერილი გამოაქვეყნა, სადაც უმცირესოებების დაცვის პირობას დებს.

თუმცა, ავტორის ცნობით, გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები ქვეყნის შიგნით "ორაზროვანი" იყო და თავდასხმისთვის არავინ დასჯილა.

"თუკი ისინი კვლავაც შეეგუებიან ასეთი ჯგუფების არსებობას და ამ ტიპის ადამიანებს გმირებად შერაცხავენ, ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთში აღმოჩნდება", - აცხადებს ბოკერია.

სტატიის ქართულ თარგმანს  Foreignpress.ge ავრცელებს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016