4 იანვარს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 81 წელი შეუსრულდება. მრევლს საშუალება ექნება პატრიარქს იუბილე საპატრიარქოში დღეს მიულოცოს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია დაამთავრა პირველი ხარისხის დიპლომით.
1957 წლის 16 აპრილს ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ს ლოცვა კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაჰყო.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
ბოლო 36 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 42-მდე გაიზარდა. მოხდა ახალი წმინდანების კანონიზირება. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია _ წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.