რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ წითელუბნის ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ადგილობრივი მკვიდრი, 1950 წელს დაბადებული მიხეილ ხურიევი დააკავეს. ადგილობრივების თქმით ე.წ. საზღვარი თავად შეიარაღებულმა ფორმიანებმა გადმოკვეთეს და ხურიევი თივის შეგროვებისას, სოფლის ტერიტორიაზე მინდორში დააკავეს. სოფელი წითელუბანი ძირითადად ეთნიკურად ოსი ეროვნების ადამიანებით არის დასახლებული. სოფელში არასდროს მომხდარა დაპირისპირება ქართველებსა და ოსებს შორის, მსგავსი ტიპის გატაცებები აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოლო ერთი თვეა, დაიწყო. ხურიევი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. სავარაუდოდ, ბრალდებად მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას წაუყენებენ. არსებული ინფორმაციით, ცხინვალის საპატიმროში სხვადასხვა ბრალდებით დაკავებული 6 ქართველი იმყოფება.