ევრომაიდნის აქტივისტები, სახელმწიფო ავტოინსპექციის (ГАИ) შენობის პიკეტირებას გეგმავენ. მიზეზი ავტოინსპექტორების მხრიდან დემონსტრანტებზე ზეწოლაა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"ბოლო დღეებში ავტოინსპექციაში მასობრივად იბარებენ ევრომაიდნის აქტივისტებს, რომლებიც 29 დეკემბერს პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ. ჩვენი აზრით, მილიციის თანამშრომელთა ასეთი ქმედებები პირდაპირი ზეწოლაა მაიდანზე და იმ ადამიანების დაშინებაა, რომელთაც საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას არ ერიდებიან", - ნათქვამია პარტია "ბატკივშინას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ევრომაიდნის აქტივისტები აცხადებენ, რამდენიმე დღეა, მილიციაში იბარებენ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის რეზიდენციის პიკეტირებაში მონაწილეობდნენ.