"საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართული ორგანიზაციების მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი უწყების თითოეული თანამშრომლის და ფინანსთა მინისტრის დისკრედიტაციას" - ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრს პრემიის სახით არ მიუღია არც ერთი თეთრი და ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ბინძური კამპანია.
„სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში 2014 წლის 2 იანვარს ერთ-ერთმა ასეთმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა პრემიის სახით წინასაახალწლოდ მიიღო 25 ათასი ლარი.
ვინაიდან აღნიშნული საკითხის დასაზუსტებლად ჩვენ დაგვიკავშირდნენ სხვადასხვა მედიასაშუალებები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრს პრემიის სახით არ მიუღია არც ერთი თეთრი.
აქვე, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, არ მივიღოთ მონაწილეობა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციების ბინძურ კამპანიაში და ყოველ შემდგომ ცილისწამებლურ განცხადებაზე პასუხი გავცეთ მხოლოდ სამართლებრივი გზით.
ამასთან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იყო, არის და იქნება ღია ყველა, თუნდაც უაღესად კრიტიკული, რეალურად თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელთათვისაც ღირებულია სიტყვის თავისუფლება, ობიექტურობა და ადამიანის უფლებები", - აღნიშნულია განცხადებაში.