საქართველოს ზამთრის კურორტებმა უცხოელ დამსვენებლებს მოლოდინი გაუცრუა - commersant.ge-სთან საუბარში სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული რამდენიმე ტურისტი ბაკურიანში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურით უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ იმ ვითარებით, რაც ამ კურორტზე დახვდათ, იმედგაცრუებულნი არიან.
სომხეთიდან ბაკურიანში ჩასული ედიკ მანუკიანი აცხადებს, რომ ამ კურორტზე პირველადაა და მომდევნო წლებში აქ აღარც დაბრუნდება.
„ზაფხულობით აჭარაში ხშირად ვისვენებ და კმაყოფილიც ვარ. ამიტომ მქონდა მოლოდინი, რომ ბაკურიანშიც გართობისა და კულტურული დასვენებისთვის კარგი პირობები დაგვხვდებოდა. თუმცა ჩამოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ აქ კომუნიკაციები - როგორც სატრანსპორტო, ისევე სათხილამურო ტრასების მხრივ - მოუწესრიგებელია. მაგალითად, საღამოს ტრასებზე განათება არ არის. თუმცა გართობის არც სხვა ალტერნატივა არსებობს - არავითარი გასართობი და კულტურული დაწესებულება არ მუშაობს, რომ ადამიანმა საღამო გაატაროს. იძულებული ვართ, სასტუმროში ვიყოთ გამოკეტილები. სამწუხაროა, რომ ბაკურიანი, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ სახელგანთქმული კურორტია, დღეს მეოცე საუკუნეში ჩარჩენილი ადგილია", - აცხადებს სტუმარი.
რაც შეეხება გუდაურს, როგორც იქ მყოფი დამსვენებლები ამბობენ, სპორტის მოყვარულებისთვის პირობები მეტ-ნაკლებად შექმნილია, ნათდება სათხილამურო ტრასებიც, თუმცა სხვა სახის გართობის საშუალებას დამსვენებელი აქაც მოკლებულია.
იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ქვეყნის ორი უმნიშნელოვანესი სათხილამური კურორტის განვითარებას ვერ ახერხებს, ქვეყანაში ახალი კურორტების შექმნა მიმდინარეობს.