სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბორის ჩოჩიევი ოსურ საინფორმაციო სააგენტო „Рес"- თან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არასდროს ყოფილა და არც იქნება.
"რომელ დაბრუნებაზეა საუბარი, როდესაც სამხრეთ ოსეთი არასდროს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში. როგორი ლამაზი სიტყვებიც არ უნდა ისმოდეს თბილისიდან, ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს: მიუხედავად პერსონალიებისა, ქართული სახელმწიფოს პოლიტიკის მთავარი მიმართულება დაფუძნებულია ლოზუნგზე "საქართველო ქართველებისთვის". ან უნდა გახდე ქართველი, ან იქნები მეორეხარისხოვანი ადამიანი. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება",-განაცხადა ჩოჩიევმა.
მისი განცხადებით, საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიტაცება სურს.
"საქართველოს სურს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიტაცება, ჩვენი, ოსების - განადგურება ან განდევნა მშობლიური მიწიდან. მე პაატა ზაქარეიშვილს ვთვლიდი უფრო შორსმჭვრეტელ პოლიტოლოგად და რეალისტურ პოლიტიკოსად. თუმცა, სამწუხაროდ, მისი გამონათქვამები საპირისპიროზე მეტყველებს. მე მას და მის მომხრეებს ვურჩევდი, რომ სამინისტროს სახელწოდება კი არ უნდა შეცვალონ, არამედ იფიქრონ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაზე, თუ მათი სურვილი, დარეგულირდეს ურთიერთობა სამხრეთ ოსეთთან, გულწრფელია", -აღნიშნა ჩოჩიევმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, "სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში" შეიცვალა სახელწოდებით - "სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში".
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)