თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, წითელ პლანეტაზე "გამგზავრებას" აპირებს. ამის შესახებ სურვილი მსუბუქი იუმორით მან საკუთარი „ფეისბუქის" გვერდზე გამოთქვა.
„2025-ში მარსზე ადამიანების პირველი „დესანტი" დასახლდება. უკვე 200 000 მსურველია ჩაწერილი. ადამის და ევას გადმობარგებაც ალბათ ასე დაიწყო, ოღონდ თაღლითები დიდი დოზით გადმოსვეს ამ ულამაზეს დედამიწაზე შემეცნების ვაშლით ხელში. იგივე შეცდომას თუ არ გავიმეორებთ და მარსზე მხოლოდ მეცნიერებს და წესიერ ხალხს „გადანერგავენ", თანდათან სამოთხეც ჩამოყალიბდება, მერე კიდევ უფრო ნამდვილ სამოთხეს გალაქტიკის იქით, რომელიმე ლამაზ და უსაფრთხო პლანეტაზე გაიტანენ და ასე... მარსამდე მგზავრობა 6 თვე... არც არავის უთხოვია წამობრძანდიო, მაგრამ რომ ეთხოვათ, ჯერ ამისთვის მზად მაინც არ ვარ. არც 2035-ში ვიქნები, მაგრამ 2045-ში შევხედავ სიტუაციას და... თუ მგზავრობას გავუძელი, მშვიდობით ჩავედი და დავფუძნდი, მერე აღვესრულე კიდეც, აქ, დედამიწაზე შვილები იტყვიან - მარსზე დედა გარდაგვეცვალაო. სამაგიეროდ ამაყები იქნებიან, ყველას ხომ არ ეყოლება მარსელი დედა? მგონი ძალიან მაგარია. თუ დავეტიო რაჭაში?", - წერს ფანჯიკიძე.
ამ სტატუსით გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სტატიას, რომელიც „სი-ენ-ენ"-ზე გამოქვეყნდა (http://www.cnn.com/2013/04/22/world/mars-one-way-ticket/index.html?sr=sharebar_facebook)
სტატიაში საუბარია იმ შემოთავაზებაზე, რომელიც ჰოლანდიურ კომპანიას, Mars One-ს აქვს - მარსზე გაფრენა - მხოლოდ ერთი გზა. Mars One-მა კანდიდატების შერჩევა, ვისაც სურვილი აქვს, გაფრინდეს და დასახლდეს წითელ პლანეტაზე, უკვე დაიწყო. კომპანიამ მანამდე გამოაქვეყნა მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ დედამიწიდან წასული მომავალი მარსელები: ადამიანის ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობა; ასაკი - 18 წელზე მეტი; თვისებები: ამტანობა, ახალ სიტუაციასთან ადვილად შეგუების უნარი, ინტერესიანობა, შემოქმედი და გამჭრიახი აზროვნება. მისიის არსის წვდომის უნარი; ჯანმრთელი ურთიერთობის აწყობისა და შენარჩუნების უნარი; თვითანალიზის ქონა; ბუნების მიმნდობი.
გაფრენის მსურველთა შერჩევა 2013 წლის პირველივე დეკადაში დაიწყო. შერჩევის პროცესს რეალითი-შოუს სახე აქვს. ექსპერტები და მაყურებლები 4 კაცისგან შემდგარ 6 ჯგუფს შეარჩევენ. ერთ-ერთი ჯგუფი 2022 წლის სექსტემბერში მარსზე გაფრინდება, დანარჩენები მათ მოგვიანებით შეუერთდებიან.