კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერის ერთ-ერთ ბარში, მარიხუანის მწარმოებლებმა საახალწლო ზეიმი გამართეს. მომხმარებლებმა კი იქვე, კანონიერად შეიძინეს მოსაწევი, რაც კოლორადოში პირველად მოხდა. პირველი, ვინც მარიხუანა შეიძინა, შონ აზარტი იყო. აზარტი ერაყის ომის ვეტერანია და ამბობს, რომ სტრესის შემდგომი დეპრესია აქვს. მან მარიხუანა ამ სიმპტომების საწინააღმდეგოდ შეიძინა. „მე ვიყენებ არასამედიცინო დანიშნულებს კანაფს, რათა შევიმსუბუქო სტრესის შემდგომი დეპრესიით გამოწვეული მდგომარეობა. ეს ნაბიჯი სხვა შტატებსაც დაეხმარება, რომ მათაც გაუწიონ ვეტერანებს დახმარება", - ამბობს შონი. წელს ვაშინგტონის შტატშიც იგივე იგეგმება. გასულ თვეს, ურუგვაი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც კანონით დაუშვეს მარიხუანის წარმოება და გაყიდვა.კანონის მიხედვით, მარიხუანას შეძენა ნებისმიერ 21 წლის და უფროს პირს შეუძლია. იმ დროს, როდესაც აშშ-ს მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი ახალ წელს ხვდებოდა, კოლორადოში შტატის გადაწყვეტილებას ზეიმობდნენ, ამიტომ ამ დღეს ამიერიდან მწვანე ოთხშაბათს უწოდებენ. კოლორადოს მასშტაბით რეკრეაციული მარიხუანას გამყიდველი 30 მაღაზია გაიხსნა, აქედან 18 დენვერში ფუნქციონირებს. გასულ კვირას სულ 136-მა მაღაზიამ მიიღო მარიხუანას გაყიდვის ლიცენზია, მაგრამ უმრავლესობა ამ დროისთვის ადგილობრივი მთავრობისგან საბოლოო თანხმობას ელოდებოდა. ახალი კანონის ამოქმედებისთანავე კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ლეგალიზებისთანავე ლიცენზირებულმა მაღაზიებმა მილიონი დოლარის ოდენობის მარიხუანა გაყიდეს.