reportiori.ge - სასწაულის მოლოდინი ქაჯეთში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:09
მედია
სასწაულის მოლოდინი ქაჯეთში
ავტორი:
07 იანვარი, 2014. 15:21

ავტორი გიორგი გვახარია; რადიო „თავისუფლება"


შობა-ახალი წელი, ალბათ, ერთადერთი დღესასწაულია საქართველოში, რომელსაც ყველა ოჯახი აღნიშნავს. ყველაზე გაჭირვებული ოჯახებიც კი. ყველა ეთნიკური ჯგუფი, ყველა მორწმუნე და ყველა ურწმუნო. ცოტა გვერდიდან რომ შევხედოთ, მეტისმეტად კომიკურია ეს 12 საათის მოლოდინი, ეს ნაძვის ხე, ეს გოზინაყი, ეს საჩუქრები, ეს მეკვლე. მთელი ეს რიტუალი. მაგრამ ახალი წლის რიტუალი ერთადერთია, რომელსაც თითქმის ყველა იცავს. უფრო მეტიც, სრულიად სერიოზული ბიძიები და დეიდები, სერიოზულად ინტელექტუალი ხალხი, 2 იანვარს ცდილობს „ბედნიერება დაებედოს".


ჩვენ ყველას გვინდა, ვიყოთ ბედნიერები და ყველას გვწამს სასწაულის! ვიღაცას წმინდანის ხილვის და ვიღაცას, უბრალოდ, კარგი ფილმის ნახვის. სხვათა შორის, პირადად მე ყველაზე მეტად ვიზიარებ იმ ჩემი კოლეგების მოსაზრებას, რომლებიც დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ კინოხელოვნება სხვა არაფერია, თუ არა სასწაული - ლიუმიერების პირველი სეანსიდან დაწყებული 3D ფორმატში გაშვებული ფილმებით დამთავრებული... სასწაული, რომელსაც აწეული თავებით შესცქერიან ადამიანები... ისე, როგორც ღმერთს!

ჰოდა მე ამიტომაც მიყვარს ჩემი პროფესია - სასწაულზე ვფიქრობ!


ასეთ ფიქრებში შეჩერდა ერთხელ ჩემი ყურადღება ნიკო ლომოურის მოთხრობის ეკრანიზაციაზე, კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმზე „ქაჯანა", რომლის პრემიერა არც მეტი არც ნაკლები 1940 წელს შედგა, ე.ი. მაშინ, როცა შიშისა და დაბეზღების ატმოსფერო საბჭოთა ცხოვრების წესს განსაზღვრავდა. პიპინაშვილმა შიშისგან მართლაც რომ დამუნჯებულ საზოგადოებას ფსიქოთერაპიის კინემატოგრაფიული სეანსი ჩაუტარა - ხმის ამოღების, თუნდაც ყვირილის სურვილი არა მარტო ქაჯანას, არამედ მაყურებელსაც უნდა გასჩენოდა. გლობუსი, რომელიც ფილმის ფინალში გამოჩნდება, შემეცნების, გადაადგილების, მოძრაობის და ღიაობის ეს თავისებური სიმბოლო, წყვდიადიდან თავის დაღწევის მხატვრული სახე გახდა. ამ წყვდიადში, ამ კარჩაკეტილ სივრცეში, ამ უკიდურეს სიღატაკეში ცრურწმენა გამეფებულა. მაგრამ ბავშვებში სიცოცხლის და განახლების სურვილი მეტია, ვიდრე შეშინებულ უფროსებში. კატო - „შეშინებით შიშის დამთრგუნველი" - მაინც აიძულებს ქაჯანას, ამოიღოს ხმა. თანაც სად? სტალინის ეპოქაში გადაღებულ ფილმში, სადაც არც სტალინია, არც „ხალხის მტრები", არც ხუთწლედის გმირები. არის მხოლოდ ჭიაკოკონა და გლობუსი! არის სასწაული, რომელიც გაქვავებულ და დამუნჯებულ ყოფას გაანათებს.


ჰოდა, საქართველოში მოვლენები ისე ვითარდება, რომ მგონი 1940 წელს გადაღებული „ქაჯანა" გვჭირდება ისევ და ისევ გლობუსის სახის დასამკვიდრებლად ვიდრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შობას მოგვილოცავდა, პოსტმოდერნიზმის ბოროტებაზე დაგველაპარაკებოდა, არაბუნებრივად" ჩასახულ პატარებს, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ ღმერთის და სამყაროს წინაშე, პრობლემატურებს" უწოდებდა და საშობაო ქადაგების დიდ ნაწილს სექსუალური უმცირესობების მორიგ, რბილად რომ ვთქვათ, გაკიცხვას" დაუთმობდა, მართლმადიდებელი მრევლის ერთმა, საკმაოდ დიდმა ნაწილმა მამა გაბრიელის საფლავს მიაშურა. ასე უთხრა დედა პარასკევამ, წადით და ორი სურვილი შეგისრულდებათო.


სერიოზულმა ინტელექტუალურმა ხალხმა", ცხადია, ბევრი იცინა ქართული ყოველდღიური ცხოვრების ამ მორიგ აბსურდზე. უფრო მეტიც, ამ მორიგ მსხემობას" უმალვე გამოეხმაურნენ მღვდლებიც, რომელთა კრიტიკულ მოსაზრებებს განსაკუთრებული სიხშირით ინტერნეტგამოცემა ტაბულა" გვაცნობდა. ამ შეფასებებით ხალხის ნაწილი დაასკვნიდა, რომ ყველა მამაო ბნელი არაა", ანდა თუკი უბრალოდ ყოყმანობდა და ეშინოდა ეღიარებინა, რომ მცხეთის საშობაო ისტორია სრული აბსურდია, უმალვე ინტელექტუალი მამაოებისკენ" გადაიხრებოდა - იმ ხალხისკენ, რომლებიც აქამდე წმინდა ძვლებით", სოდომის და გომორის ცოდვებით" ცდილობდნენ საზოგადოების ნაწილის მანიპულირებას. ამჯერად ამ ინტელექტუალმა მამაოებმა" მცხეთისკენ მიმავალი საზოგადოების გაკიცხვა დაიწყეს - ჯეკპოტის" და სანტაკლაუსების", მე თუ მკითხავთ, საკმაოდ უგემოვნო ტერმინოლოგიით.


არავინ ვიცით, რას სთხოვდნენ თავიანთ წმინდანს მცხეთაში რიგში ჩამდგარი ადამიანები გაბრიელის საფლავზე. ზოგს, შესაძლებელია, შვილი ჰყავს ავად, ზოგს მშობლები, ზოგი ვალებს ვერ ისტუმრებს, ზოგსაც დაპატიმრების ეშინია. მაგრამ ერთი რამ ცხადია - ყველა ამ ადამიანს აქვს სერიოზული პრობლემა, რომელიც ვერც ხელისუფლებამ მოუგვარა, ვერც ეკლესიამ და, რაც მთავარია, რომელიც თავად ვერ მოაგვარა.


ასეთი ცრურწმენა მხოლოდ ქართველებს არ ახასიათებთ და მხოლოდ საქართველოში არ ქილიკობენ რელიგიური ფსიქოზის დინების ქვეშ მოქცეულ ადამიანებზე. თუმცა იქ, დასავლეთში, სწორედ ინტელექტუალები, პირველ რიგში ხელოვანი ხალხი ცდილობს გაიგოს, რა შეიძლება გახდეს მიზეზი ადამიანთა ასეთი ზომბირებისა, ასეთი ცრურწმენისა... აბა სხვა რა არის ჰუმანიზმი, თუ არა ისეთი ადამიანის გაგების სურვილი, რომელიც ყველაფრით, აბსოლუტურად ყველაფრით განსხვავედება შენგან?! ამას იმეორებდა ხოლმე „ქაჯანას" ავტორის, კონსტანტინე პიპინაშვილის მასწავლებელი, სერგეი ეიზენშტეინი: მე არ ვარ ადამიანური კინოს" რეჟისორი, მე ხშირად მეცინება ადამიანებზე. მაგრამ ერთი რამ ვიცი - სანამ დავცინებ, ჯერ მათ გაგებას ვცდილობ".


ძნელია? კი, ძნელია. მაგრამ თუკი იმ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრება ვერ მოიწყეს და ახლა საფლავზე ხელის დადების იმედი აქვთ, ვაფასებთ, როგორც ზარმაცებს, უპასუხისმგებლოებს და ინფანტილურებს, ჩვენ ვინღა ვართ მაშინ, როცა შეგვიძლია ამდენი ხალხი ისე დავახასიათოთ, რომ არც კი მოვინდომოთ გავიგოთ, რატომ დგანან სიცივესა და სიბნელეში? რისი იმედი აქვთ? თუკი სასწაულის ხილვის მათ ვნებაზე გვეცინება, ჩვენს თავზე რაღატომ არ გვეცინება, ყოველ წელს რომ ვრთავთ ნაძვის ხეს, ბედობას რომ მარჯვენა ფეხით ვდგებით საწოლიდან. თუკი გაბრიელის საფლავთან მისულ მასებზე ვშფოთავთ, ის რატომ არ გვაშფოთებს, რომ წმინდა ქეთევანის ძვლების ჩამოსატანად თითქმის მთელი საზოგადოება მზადაა, მილიონი გადაიხადოს? და ბოლოს, თუკი იმ „გამოსულ მამაოებს" შეუძლიათ უბრალო ადამიანებზე იქილიკონ და „სანტა კლაუსის" და „ჯეკპოტის" შედარებებს მიმართონ, თავიანთ ლიდერზე რატომ ვერ იღებენ ხმას - იმაზე, ვინც შობა ღამეს, სასწაულების ღამეს, უამრავი დედა ატირა და შესაძლოა ყველაზე უდანაშაულო არსებებს, ბავშვებს ატკინა გული?


ჰო, მე მწამს სასწაულის და სანამ ცოცხალი ვარ გავაგრძელებ იმაზე ფიქრს, თუ რამ შეიძლება აიძულოს ადამიანები, აწიონ თავები და ზევით აიხედონ. იმის იმედიც მაქვს, რომ გამოჩნდებიან ნიკო ლომოურის, კონსტანტინე პიპინაშვილისა და ლეილა აბაშიძის გმირის, კატოს მსგავსი ახალგაზრდები, რომლებიც კოლექტიური ფსიქოზის მსხვერპლთ კი არ დასცინებენ, არამედ გლობუსს მიუტანენ! ვიღაც შეიძლება გაუბრაზდეს და ქვა ესროლოს. შეიძლება მოკლან კიდეც. მაგრამ ადრე თუ გვიან უკვე „ნაოცნებარ", გულგატეხილ, სასოწარკვეთილ ქაჯეთში სასწაული აუცილებლად მოხდება და დამუნჯებული საზოგადოება ისევ დაიწყებს ლაპარაკს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016