საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა, სამინისტროს ქვემოქართლის, მცხეთა-თიანეთის და კახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა მერაბ გოგსაძემ და სამინისტროს წარმომადგენლებმა ცხვარიჭამიაში ჩასახლებული დევნილები მოინახულეს.
მინისტრის მოადგილემ და სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ განაცხადების შევსება ვაზიანის დასახლებაში არსებულ ბინებზე შესთავაზეს. ვაზიანის დასახლება, ამ ეტაპზე ერთადერთია, სადაც განაცხადების მიღება მიმდინარეობს. დევნილები 2 დღის განმავლობაში ადგილზე შეავსებენ განაცხადებას ბინების მიღების თაობაზე. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მათ ქულები მიენიჭებათ და განისაზღვრება იმ ოჯახების ვინაობა, რომლებიც ბინებს მიიღებენ.
„უახლოეს პერიოდში დაბა ცხვარიჭამიაში ჩამოვა სპეციალური ჯგუფი ჩვენი ტერიტორიული ორგანოდან და დევნილებს აპლიკაცია-ანკეტირების გავლას შესთავაზებს. შეთავაზებული იქნება ვაზიანის დასახლება, სადაც64 ბინა ნაწილდება. დევნილები ადგილზე შეავსებენ სურვილისამებრ, მიენიჭებათ ქულები და მონაცემების გადამოწმების შემდეგ მიიღებენ ბინებს", - განაცხადა დევნილთა სამინისტროს ქვემოქართლის, მცხეთა-თიანეთის და კახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა მერაბ გოგსაძემ.
„ჩვენთან მოვიდნენ დევნილთა სამინისტროდან, შემოგვთავაზეს რუსთავის და ვაზიანის დასახლება. მე პირადად მარტოხელა ვარ და მინდა ბინა რუსთავში მივიღო", - აღნიშნა სოხუმიდან დევნილმა ნაზა მაგარიამ.
ცხვარიჭამიის კომპაქტურ ჩასახლებაში 27 დევნილი ოჯახი(სულ 56 დევნილი) უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ორ შენობაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, არც გაზი და არც წყალია.