დეპუტატი გიორგი ვაშაძე ჯოზეფ ქეისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს კი აბსურდულს უწოდებს.
"მე ვფიქრობ, დღეს გამართული პრესკონფერენცია კარგად მიუთითებს, რომ აბსურდული სარჩელი აქვთ შეტანილი. არ ვაპირებ ბოდიში მოვუხადო ჯოზეფ ქეის და რაც იმას ვაპირებ, რომ ჩემი მოსაზრება შევიცვალო. კანონით თაღლითი ამას ნიშნავს თუ სხვას ნიშნავს, არაფერ შუაში არ არის. მე გამოვთქვი ჩემი სუბიექტური აზრი და კანონი ცალსახად ითვალისწინებს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი აზრის საჯაროდ გამოთქმის თავისუფლება. მით უმეტეს, რომ მე ვარ პოლიტიკოსი და ჯოზეფ ქეი არის საჯარო პირი. მე შემიძლია შეფასებითი სუბიექტური აზრი გამოვთქვა, რას ვფიქრობ ამ ადამიანზე. უფრო საინტერესოა, რომ ეს არ არის მარტო ჩემი აზრი. არაერთ ადამიანს, მათ შორის თინა ხიდაშელს, გია ხუხაშვილს და სხვა ბევრ ადამიანს გამოუყენებიათ იგივე ტერმინი." - აცხადებს ვაშაძე.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ სასამართლო ჯოზეფ ქეის სარჩელს არ დააკმაყოფილებს. შეგახსენებთ, რომ ჯოზეფ ქეის ადვოკატმა, ირაკლი ყანდაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ თუ გიორგი ვაშაძე ჯოზეფ ქეის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს, ან ბოდიშს მოიხდის, ჯოზეფ ქეი მზად არის სარჩელი სასამართლოდან გამოიტანოს.