„ღამე სასმელი მოაქვთ, სვამენ და მერე ჩხუბი მოსდით ერთმანეთში. წინა ღამესაც აყალმაყალი ჰქონდათ. აღარ გაჩერდნენ და ვერც დავიძინე“,- განუცხადა გორის კარვების თავშესაფარში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ შიდა ქართლის საინფომაციო ცენტრს.
ის გორში კარვების გახსნის დღიდან, 7 იანვრიდან იმყოფება. მისთვის უცნობია, თუ ვის მიაქვს სასმელი ღამით.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით კომბინატის დასახლებაში უსახლკაროთა და უპოვართათვის 7 იანვარს კარვები 3 თვით გაიშალა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი გამოყო. თანხა, ძირითადად, საკვების მომზადებას და ადგილზე მიტანას ხმარდება. დანარჩენი ნივთები (კარვები, საწოლები, მაგიდები და ა.შ.) სხვადასხვა ორგანიზაციებმა გაიღეს.
იმის გამო, რომ პროგრამა „ფორსმაჟორულია“, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა პირდაპირი მოლაპარაკების გზით მაღაზია „ქორდასთან“ გაფორმდა, რომელიც ამავე უბანში, კომბინატის დასახლებაში მდებარეობს. სუპერმარკეტში მომზადებულ საკვებს ყოველ დილით კარვებში ტენდერის გამარჯვებულის გამოვლინებამდე მიიტანენ.
გამგეობის ჯანდაცვის განყოფილების უფროსის დავით ჩიხრაძის განცხადებით, მათ უწყებაში სულ 20 უსახლკარო ადამიანი ირიცხება.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)