საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორში სტალინის ძეგლის აღდგენის საკითხს ბრიყვულს უწოდებს. პრეზიდენტის აზრით, სტალინის ძეგლის აღდგენა, ქართველებისთვის სულში ჩაფურთხებაა.
„დღეს დილით ვნახე ინფორმაცია რომ, საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქ გორში იოსებ სტალინის ძეგლის აღდგენის შესახებ. ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რა იყო საქართველოსთვის იოსებ სტალინი. 1921 წელს, როცა სისხლისმსმელი ვლადიმერ ლენინიც კი წინააღმდეგი იყო საქართველოს დაპყრობის, იოსებ სტალინის დაჟინებული გადაწყვეტილებით, მე-11 არმია შემოვიდა საქართველოში და წერტილი დაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობას.
იოსებ სტალინმა ჩამოაჭრა საქართველოს მიწები და გადასცა ის სხვა საბჭოთა რესპუბლიკებს, მან შექმნა ხელოვნურად აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთის ავტონომიები, ის ნაღმები, რომლებიც ჩვენ აგვიფეთქდა დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად.
იოსებ სტალინმა დახვრიტა პოლონელ ოფიცრებთან ერთად კატინში ქართველი ოფიცრები, რომლებიც იბრძოდნენ ჯერ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, შემდეგ კომუნიზმის და ფაშიზმის წინააღმდეგ პოლონეთში. სტალინმა გაანადგურა საქართველოს ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი. 21-ე საუკუნეში სტალინის ძეგლის აღდგენა, ეს არის წარმოუდგენლად ბარბაროსული და ანტიქართული აქტი, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. სტალინის ძეგლის აღდგენა, ეს არის სულში ჩაფურთხება ქართველებისთვის . ჩვენი, თავისი სახლებიდან გამოყრილი ადამიანებისთვის. მინდა მოვუწოდო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადახედოს ამ ბრიყვულ გადაწყვეტილებას , პირდაპირ მინდა მოვუწოდო. ეს არ არის ის, რაც საქართველოს წაადგება",-აცხადებს პრეზიდენტი.