საქართველოში ვიზიტით მყოფი პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის იაროსლავ კაჩინსკისთან განცხადებით, ის, რაც საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში მოხდა, ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
ამის შესახებ კაჩინსკიმ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ერების ისტორიაში არიან ადამიანები, რომელთაც როლი შეუდარებელია სხვებთან. ქართველი ერის ისტორიაში ასეთია მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია დაუბრუნა. მან თავის ერთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწია ეკონომიკური განვითარების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ეს ის არის, რაც თანამედროვე სახელმწიფოს აშენებს. საქართველოს სჭირდება განვითარება, ამის გარეშე წინსვლა არ იქნება. თუ მოქალაქეს უნდა იყოს სუბიექტი და გადაწყვეტილება თავისუფლად მიიღოს, მაშინ ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ მომავლისთვის ბრძოლა ღირს. ის, რაც საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში მოხდა, ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ყველაფერი, რაც მოხდა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ამ რეგიონის და მსოფლიოს ისტორიაში შევა," - განაცხადა კაჩინსკიმ.