reportiori.ge - ნოვოჩერკასკის ტრაგედია- 1962 წელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:35
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ნოვოჩერკასკის ტრაგედია- 1962 წელი
ავტორი:
10 იანვარი, 2014. 15:32


60-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირში, ეკონომიკური მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა. დაიძაბა ვითარება აშშ-სთან, კუბისა და სვერდლოვსკის მიდამოებში ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო.

საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა დიდი სახსრები გადაესროლა შეიარაღებისთვის და „დაძმობილებულ ხალხთა" დასახმარებლად. პურის დეფიციტი იმდენად შესამჩნევი გახდა, რომ ხრუშჩოვმა პირველად გადაწყვიტა ხორბლის საზღვარგარეთ შეძენა; მიუხედავად ამისა, მაღაზიებთან ხალხის რიგები სულ უფრო იზრდებოდა. ერთი წლით ადრე კი ნიკიტა ხრუშჩოვი 1980 წლისთვის ქვეყანას კომუნიზმში შეყვანას პირდებოდა.

ეკონომიურმა პრობლემებმა ხალხში პროტესტი გამოიწვია, ხმა აიმაღლეს მუშებმა, თუმცა ყველგან სალდათის ხიშტი და ტყვია გადაეღობათ. ყველაზე სისხლიანი ტრაგედია დატრიალდა როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოჩერკასკში.

1962 წლის 1 იანვრიდან ბუდიონის სახელობის ელმავალმშენებელ ქარხანაში გამომუშავების ნორმა სამჯერ გაზარდეს, ხოლო ხელფასები მკვეთრად შეამცირეს. მუშებმა თავი დამცირებულად იგრძნეს და 1 ივნისს ფოლადჩამომსხმელთა შეკრებაზე ხმამაღლა გამოთქვეს უკმაყოფილება ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ქალაქისა და ოლქის პარტიული ხელმძღვანელობა შეეცადა მათთვის აეხსნა, რომ კომუნიზმის მშენებლობის პირველ ეტაპზე ეს დროებითი მოვლენა იყო, მაგრამ პასუხად უფრო დიდი აღშფოთება და მასობრივი მიტინგი მიიღეს. ქარხნის მუშებმა გაფიცვა გამოაცხადეს, ჩამოხიეს და დაწვეს ხრუშჩოვის სურათი. საღამოს ექვსი საათისთვის მომიტინგეების დაშლა სცადა 200-მდე მილიციელმა, თუმცა ბრბომ მათი გაყრა მოახერხა. ცოტა ხანში საბრძოლო მანქანების თანხლებით სამხედროები გამოჩნდნენ, ხალხი მათ ლანძღვა-გინებით შეხვდა. ჯარისკაცებმა აქტიური ქმედებისგან თავი შეიკავეს და მალე იქაურობას საერთოდ გაეცალნენ. ამასობაში, სუკის გადაცმულმა აგენტებმა შენობაში გამომწყვდეული პარტიული მუშაკების გამოყვანა მოახერხეს. მიტინგი მთელი ღამე გრძელდებოდა; უკმაყოფილების ტალღა სწრაფად ვრცელდებოდა, გაფიცულებს სხვა ქარხნების მუშები უერთდებოდნენ. მეორე დღეს, 12 საათისთვის, მუშებმა როსტოვ-სარატოვის სარკინიგზო ხაზი გადაკეტეს და გამოაკრეს პლაკატები: „ხორცი, კარაქი, გაზრდილი ხელფასი", „ხრუშჩოვი - საკალბასედ". მილიცია ხელმეორედ შეეცადა მომიტინგეთა დაშლას, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. გაფიცულები ეცადნენ დაეკავებინათ რეგიონის გაზგამანაწილებელი სადგური, რათა მთელი ქალაქის სარმეწველო ობიექტების პარალიზება გამოეწვიათ. საქმეში შინაგანი ჯარი ჩაერთო და ღამის მანძილზე ქალაქის ყველა სასიცოცხლო ობიექტზე გაძლიერებული დაცვა დააყენა. სამხედროებმა ტანკების გამოყენებით ოთხიათასკაციანი მიტინგი დაშალეს და 22 „დამნაშავე" დააპატიმრეს.

2 ივნისს, დილით მისულ მუშებს ქარხანა და სარკინიგზო ხაზი შეიარაღებული ჯარისკაცებით გარშემორტყმული დახვდათ. გაფიცულთა კოლონები ქალაქკომის შენობისკენ დაიძრა, მდინარე ტულზოვის ხიდზე შესასვლელი ტანკებით იყო ჩახერგილი, მაგრამ დემონსტრანტებმა ეს დაბრკოლებაც გადალახეს; ზოგი ჯარისკაცი მათ ტანკებზე გადაძვრომაშიც ეხმარებოდა.

ქალაქკომის შენობის წინ ზღვა ხალხმა მოიყარა თავი. ქალაქის თავმჯდომარე ზამულა და ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი სტეპაკოვი მათ რუპორით მოუწოდებდა დაშლილიყვნენ და სამუშაო ადგილებს დაბრუნებოდნენ. გაფიცულებმა ამაზე  აგრესიით უპასუხეს. გაფიცულთა ჯგუფმა მილიციელთა კორდონი გაარღვია და შეეცადა რომელიმე პარტიული მოღვაწე მძევლად აეყვანა, თუმცა ქალაქის შეშინებულ ხელისუფლებს შენობიდან გაქცევა მოესწროთ.

მოსკოვიდან დემონსტრანტებთან მოსალაპარაკებლად ცკ-ის პრეზიდიუმის წევრები მიქოიანი და კოზლოვი ჩამოვიდნენ, მაგრამ შედეგი არც ამ ღონისძიებას მოჰყვა. მუშათა ერთი ნაწილი ქალაქის მილიციის განყოფილების შენობისკენ დაიძრა და წინა ღამით დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას შეეცადა; მილიციელებთან ხელჩართულ ბრძოლაში ხუთი დემონსტრანტი დაიღუპა, ხოლო 30 მათგანი დააპატიმრეს.

შუადღისას ქალაქის ცენტრში შეკრებილ მომიტინგეებთან გამოჩნდა ნოვოჩერკასკის გარნიზონის უფროსი, გენერალ-მაიორი ოლეშკო 50 ავტომატმომარჯვებული ჯარისკაცის თანხლებით. მათ ხალხს ქალაქკომის შენობიდან დაახევინეს. გენერალმა მოითხოვა მოედანი გაეთავისუფლებინათ. ამაზე მომიტინგეებმა უკმაყოფილო შეძახილებით უპასუხეს. გენერლის ბრძანებით ჯარისკაცებმა ჰაერში გაისროლეს. გაფიცულები ოლეშკოს არ შეეპუენ, მაშინ მეორე ზალპის ხმა გაისმა; ტყვიებმა მომიტინგეთა თავს ზემოთ გაიზუზუნეს, ამავდროულად შენობების სახურავებიდან სნაიპერები ამოქმედდნენ. დაიჭრა და დაიღუპა ხეებზე მოკალათებული ცნობისმოყვარეთა ნაწილი, მათ შორის ბავშვებიც. ხალხში პანიკა გაჩნდა, უიარაღო ადამიანები ტყვიების წვიმას გაურბოდნენ.

იმ დღეს ქალაქკომის შენობის წინ 24 ადამიანი დაიღუპა, საავადმყოფოებში გადაიყვანეს 45 დაჭრილი, თუმცა მათი რიცხვი გაცილებით მეტი იყო; ბევრი, დაჭერის შიშით, ექიმებთან მისვლას ვერ ბედავდა. დაღუპულთა გვამები გვიან ღამით ქალაქიდან გაიტანეს და როსტოვის ოლქის  სხვადასხვა სასაფლაოებზე ჩაფლეს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე  კვალის წაშლა რომ ვერ მოახერხეს, სასწრაფოდ ახალი ასფალტი დააგეს.

უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონის სამხედრო მოსამსახურეთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ხალხისთვის სროლაზე უარი განაცხადეს; ადგილობრივი გარნიზონის ერთმა ოფიცერმა ბრძანების გაცემა არ ისურვა და ჯარისკაცთა თვალწინ თავი მოიკლა.

ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ გენერალმა მ. კ. შაპოშნიკოვმა ბრძანება მიიღო ბრბოსთვის ტანკებით შეეტია. ომის ვეტერანმა და საბჭოთა კავშირის გმირმა გენერალმა განაცხადა: „მე აქ ვერ ვხედავ მოწინააღმდეგეს, ვისაც ტანკებით უნდა შევუტიო". ამ ამბების დასრულებიდან მალე გენერალი შაპოშნიკოვი არმიიდან დაითხოვეს და პარტიიდან გარიცხეს.

3 ივლისს ხალხი ისევ შეიკრიბა. ამასობაში მთელი ძალით ამუშავდა „პარტიული მანქანა", ლოიალურად განწყობილი მუშებისგან ჩამოყალიბდა „პარტაქტივის" და ე. წ. „დრუჟინნიკების" ჯგუფები, რომლებიც ხალხს აწყნარებდნენ და სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ. 15 საათზე მომიტინგეებს მიმართა ცკ-ის პრეზიდიუმის წევრმა კოზლოვმა და პირობა მისცა, რომ მათ მოთხოვნებს აუცილებლად გაითვალისწინებდა, ქალაქის პროდუქტით მომარაგებაში არსებული ხარვეზები უახლოეს ხანში აღმოიფხვრებოდა და დამნაშავეებსაც საკადრისად დასჯიდნენ.

ბრბომ კიდევ ერთხელ დაიჯერა, დაძაბულობამ თანდათან იკლო და დემონსტრანტები სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. იმავე ღამეს 240 კაცი დააპატიმრეს; მეორე დღიდან ქალაქის პროდუქტით მომარაგება გაუმჯობესდა და დაკავებულთა ბედი აღარავის აღელვებდა.

14-20 აგვისტოს, ნოვოჩერკასკში, მილიციისა და სამხედროების დიდი დანაყოფებით ალყაშემორტყმულ შენობაში, მასობრივი არეულობის მომწყობთა წინააღმდეგ, გაიმართა „ღია" სასამართლო. 7 მუშა „ბანდიტიზმისა" და „ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის" - დახვრიტეს. 105 ადამიანს შეეფარდა 10-15 წლამდე პატიმრობა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიებში მოხდით. ასობით მილიციელსა და სამხედროს დაადებინეს პირობა, რომ მომხდარზე ხმას არ ამოიღებდნენ.

ხელისუფლება ძალიან ეცადა ეს ამბავი მიეჩქმალა, მაგრამ ინფორმაციამ მაინც გაჟონა საზღვარგარეთ და ემიგრანტთა ჟურნალმა  „посев"-მა ნოვოჩერკასკის ტრაგედიის ამსახველი მასალა საჯარო გახადა.

სიმართლე საზოგადოებამ მხოლოდ 30 წლის მერე გაიგო. 1991 წელს დაღუპულთა პატივსაცემად ქალაქის ცენტრში თეთრი მარმარილოს ობელისკი აღმართეს, დაიწყო უსამართლოდ დასჯილთა რეაბილიტაცია, ხოლო 1994 წელს სხვადასხვა სასაფლაოებიდან 20 დაღუპულის ნეშტი ქალაქის ცენტრალურ სასაფლაოზე გადმოასვენეს. 



                                                                                                                                                                                                                           (მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)

 

 

 

 

 

 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016