15-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, კიევში. წუხელ, უკრაინის სპეცრაზმი "ბერკუტი" და აქციის მონაწილეები, კიევის სასამართლოსთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაშავებულთა შორის ორი დეპუტატი და ორი ჟურნალისტია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ფრაქცია "თავისუფლების" დეპუტატი ედუარდ ლეონოვი აცხადებს, "ბერკუტი" აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა, მათ შორის ქალებსაც. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს იური ლუცენკოს, რომელიც ამჟამად ოპოზიციაშია, თავი აქვს გატეხილი.
კიევის სასამართლოსთან გამართული აქციის მონაწილეები ეგრეთ წოდებულ "ვასილკოვსკოს საქმეზე" გამოტანილ განაჩენს აპროტესტებდნენ. კიევის რაიონულმა სასამართლომ ამ საქმეზე დაკავებულ სამ დამნაშავეს - საქალაქო საბჭოს ორ დეპუტატს იგორ მოსიჩუკსა და სერგეი ბევზუს, ასევე დეპუტატის თანაშემწეს ვლადიმერ შპარეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლის 22 აგვისტოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაკავებულებს ასეფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს და ისინი ტერაქტის მოწყობაში დაადანაშაულეს, კერძოდ, ბორისპოლში ლენინის ძეგლის აფეთქებაში.