ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODHIR) დირექტორი იანეშ ლენარჩიჩი აშშ-ის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს გუანტანამოს ციხის დახურვისკენ.
„აშშ-მა ვალდებულება აიღო ტერორიზმთან ბრძოლაში ადამიანთა უფლებების ფუნდამენტური დაცვის გარანტიებზე, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლებებზე და თვითნებური დაკავების აკრძალვის თაობაზე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობას თავად პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკის სირცხვილი უწოდა. გუანტანამოს პატიმრები, ან დაუყოვნებლივ უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ან უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან“, - ნათქვამია იანეშ ლენარჩიჩის განცხადებაში, რომელიც ეუთო-ს ოფიციალური ვებ-გვერდზეა განთავსებული.
გუანტანამოს ციხეში ამჟამად 155 პატიმარია. ამასთან, 11 პატიმარი გასულ წელს ე.წ. მესამე დონის ქვეყნებში გადაიყვანეს. 2008 წელს აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება გუანტანამოს ციხის დახურვა იყო.