მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე უშვილო წყვილებს მოთმინებისაკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ 18 წელი იგი თავად ელოდა შვილს. ჭანკვეტაძე პატრიარქის საშობაო ეპისტოლესაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქადაგება ყურადსაღები მორწმუნეთათვის იყო.
"ყველას შევახსენებ, რომ ეს ეპისტოლე ეხება იმ ადამიანებს, ვინც თავის თავს თვლის იმ დიდი მრევლის ნაწილად, რომლის სულიერი მამაც არის ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი. სხვები ნუ ღელავენ. ეს სიტყვები მნიშვნელოვანია იმ ხალხისთვის, რომლებსაც სურთ პატრიარქის სიტყვები გაიხადონ თავიანთი ცხოვრების წესად. ვინც ღელავს, მათთვის არც არის ეს სიტყვები დაწერილი...
ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ, რადგან დღევანდელმა ვითარებამ საჭიროდ მოიტანა, გეტყვით, რომ 18 წელი არ მყავდა შვილი. მე და ჩემი მეუღლე ღმერთის ნებას ვიყავით მინდობილი, თუ იქნებოდა ღვთის ნება, შვილი მოგვეცემოდა, თუ არა და არა... როცა ანა გამიჩნდა, ბევრი მოარული ჭორები იყო. მაშინ რაღაც ჯანდარა იყო მოდაში და ამბობდნენ, რომ ამის შედეგი იყო, შვილი რომ შემეძინა. ყველას ვეუნებოდი, ჯანდარა და ჯანდაბა რომ მდომოდა უფრო ადრე მივმართავდი და 18 წელი არ დავიცდიდი-მეთქი. მე ვიცი ყველა ქალს რომ სურს შვილი, სხვანაირად ქალი სრულფასოვნად ვერ გრძნობს თავს, მაგრამ ყველას მოკრძალებით ვურჩევდი, ღვთის ნებას მიენდონ. თუ შვილი მიეცემათ ხომ კარგი, თუ არა და უშვილობის ტკივილი უნდა ატარონ. შეუძლიათ, დაეხმარონ იმ ბავშვებს, ვინც უკვე გაჩნდნენ, მაგრამ მზრუნველობა აკლიათ. შეუძლიათ, ასეთი ბავშვები იშვილონ... სხვა ბევრი გამოსავალიც არსებობს.“- აცხადებს ცნობილი მსახიობი „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.