გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ქართველ ქორეოგრაფზე სტატიას აქვეყნებს
„შექსპირი მარტო სიტყვა არ არის, მისი ამეტყველება მოძრაობითაც შეიძლება“ - გავლენიანი გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ამერიკაში მოღვაწე ქორეოგრაფს ირინა ციქურიშვილს ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატიაში სათაურით „Backstage: At Synetic, learning the Lindy hop for the sake of Shakespeare“ აღნიშნულია, რომ ქართველი ქორეოგრაფი ირინა ციქურიშვილი შექსპირის „მეთორმეტე ღამეში“ იცეკვებს. წარმოდგენა ვაშინგტონში, სინეთიკის თეატრში შედგება, რომელიც ირინამ თავის მეუღლესთან, რეჟისორ პაატა ციქურიშვილთან ერთად 2001 წელს დაარსა.
„პიესის ვიზუალური თხრობისას, პაატა ციქურიშვილი მუნჯი კინოს კანონების, ჩარლი ჩაპლინის ესთეტიკისა და გამომსახველობითი ხერხების გავლენას განიცდის“ - წერს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ პიესის მოქმედება 1920-იანი წლების ამერიკაში ხდება, შესაბამისად, ვიოლას როლის შემსრულებელს, ირინა ციქურიშვილს “ლინდი ჰოპის“ ურთულესი ილეთების შესწავლაც მოუწევს.
„თუმცა, ეს რთული არ იქნება იმ დასისთვის, რომლის კონცეფციაც სხვადასხვა თეატრალური ჟანრისა თუ ქორეოგრაფიული მიმდინარეობის სინთეზს ემყარება, და რომლის მსახიობებიც რთულ საცეკვაო მოძრაობებს ხშირად პირდაპირ Youtube პორტალზე ატვირთული ვიდეოებიდან სწავლობენ, მაგრამ ისე ამდიდრებენ, რომ თითქმის შეუძლებელია მათი ჟანრობრივი სტატუსის განსაზღვრა“ - აღნიშნულია სტატიაში.