თბილისის მერი, გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. როგორც უგულავამ ჟურნალისტებთან კომენტირებისას აღნიშნა, ასეთი განცხადებები არასწორია, რადგან ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს.
„პრემიერის ეს განცხადება მეხივით გავარდა და უკვე მთელი საზოგადოება ამაზე საუბრობს. ვთვლი, რომ თუ ეს ასე სწრაფად ხდება, საზოგადოება იმის ღირსია, რომ გაიგოს პრემიერისგან, რა იქნება მერე, ანუ დაესვას წერტილი იმ სპეკულაციებსაც, რომელიც მომდევნო ეტაპს ეხება. ასეთი განცხადებები არ არის სწორი, რადგან ის ვნებს ქვეყნის ეკონომიკას. ნებისმიერი მეწარმე, ინვესტორი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ინვესტირებით, აპაუზებს თავის მოქმედებას და ელოდება, რა იქნება მერე, რადგან "მერე"-ს შესახებ წარმოდგენა საერთოდ არ გვაქვს არც ჩვენ, არც კოალიციის წარმომადგენლებს", - განაცხადა უგულავამ.
თბილისის მერის შეფასებით, ამგვარი გაურკვევლობა ბადებს შიშს, რომელიც ბიზნესს გადაეცემა, აღარ ხორციელდება ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა „ნულოვანია".
„ეკონომიკა დღითი დღე უკან მიდის. ამიტომ, მოვუწოდებდი პრემიერს, იყოს ფრთხილი ასეთ განცხადებებში. თუ იგი რეალურად აპირებს წასვლას, მაშინ უნდა გვითხრას, როგორ კონფიგურაციას გვიტოვებს ან ვის გვიტოვებს. ეს საინტერესოა იმისთვის, რომ ქვეყნის განვითარება არ შეჩერდეს. შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ ქვეყნის განვითარება ან სააკაშვილზეა დამოკიდებული ან ივანიშვილზე ან უგულავაზე, მაგრამ ასეთ განცხადებებს ყოველთვის მოჰყვება ეკონომიკური სტაგნაცია", - განაცხადა გიგი უგულავამ და პრემიერს კითხვის ნიშნების შემცველი განცხადებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.