პრეზიდენტის პრეს-კონფერენციას შეფასებები მოჰყვა პარლამენტში. სააკაშვილის განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე გამოეხმაურნენ.
„ეს განცხადებები სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანისგან, არათუ არასწორი და ტყუილია, არამედ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და ამავე დროს, სიცრუეზე დაფუძნებული არასახელმწიფოებრივი მიდგომა თითოეული საკითხისადმი"- ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა, ვიქტორ დოლიძემ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.
ზურაბ აბაშიძის თქმით, მერაბიშვილთან და გუნავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები სასამართლომ მიიღო და თუ სასამართლო პოლიტიზირებულია, უმრავლესობის წევრი პრეზიდენტს აღნიშნული თემის დასაბუთებისკენ მოუწოდებს.
„სამწუხაროა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. უნდა ითქვას, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავების საკითხი სამართლებრივი თემაა, ეს საკითხი სასამართლომ გადაწყვიტა. თუ სასამართლო პოლიტიზირებულია, მაშინ სააკაშვილმა ამაზე ისაუბროს და დაადასტუროს ეს თემა." -განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.