ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა ლეონარდო დი კაპრიომ „ოქროს გლობუსის" დაჯილდოვებაზე მთავარი პრიზი - „ოქროს გლობუსი" „მამაკაცის საუკეთესო როლისთვის კომედიაში, ან მიუზიკლში" დაიმსახურა. პრიზი მან „უოლ სტრიტის მგელში" შესრულებული როლისთვის მიიღო.
ნომინაციაზე მასთან ერთად წარდგენილები იყვნენ შემდეგი მსახიობები: კრისტიან ბეილი ფილმისთვის „აფიორა ამერიკულად", ბრიუს დერნი - „ნებრასკა", ოსკარ აიზეკი „ლევინ დევისის შინაგანი ხმა" და ხოაკინ ფენიქსი - „ის".
შეგახსენებთ, მსახიობისთვის ეს რიგით მეათე ნომინაციაა. მას უკვე აქვს ერთი ჯილდო. „ოქროს გლობუსის" ეს რიგით 71-ე დაჯილდოვების ცერემონიალი იყო. ეს ცერემონიალი წინ უსწრებს ხოლმე „ოსკარის" დაჯილდოვებას, ამიტომ აქ გამარჯვებულ ნომინანტებს, კრიტიკოსები ხშირად უწინასწარმეტყველებენ კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს „ოსკარს".
შეგახსენებთ, ლეონარდო დი კაპრიო იმ მსახიობთა რიცხვშია, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუღია ოსკარი. მასთან ერთად ამ რიცხვში, გაგიკვირდებათ და ისეთი მსახიობები არიან, როგორებიცა არიან - ბრედ პიტი, ჯონი დეპი, ჯიმ ქერი, ჰელენა ბონემ კარტერი, კამერონ დიასი, ანტონიო ბანდერასი და სხვები.