თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიმა გიორგი ჟორდანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის მიმართ ბოლო დღეების განმავლობაში პიროვნული შეურაცხყოფა ისმოდა. როგორც ჟორდანია აცხადებს, მისთვის მთავარი თეატრის მომავალია.
"ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ის, რომ მე არ ვუპასუხო იმ ბრალდებებს და იმ პიროვნულ შეურაცხყოფას, რასაც ორი დღის განმავლობაში მაყენებდნენ, ჩემთვის მთავარია თეატრი და თეატრის მომავალი. ჩემი აზრით, თეატრის მართვისათვის ყველაზე უპრიანი იქნება ყველაზე დემოკრატიული მეთოდით მართვა, რაც მდგომარეობს სამხატვრო საბჭოში.
ჩემს მიმართ წაყენებული არც ერთი ბრალდება სინამდვილეს არ შეეფერება. რაც შეეხება არაკომპეტენტურობას, რა მორალურ მხარეზე შეიძლება საუბარი, როდესაც ამ ხალხში ყველაზე ღვაწლმოსილი და სახელოვანი ტენორი, რომელიც დღეს ჩემს არაკომპეტენტურობაზე ლაპარაკობს, სულ რაღაც რამოდენიმე კვირის წინ თავის სოლო კონცერტის სადირიჟოროდ მინსკში მეპატიჟებოდა", - განაცხადა ჟორდანიამ.
ამასთან, ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოქმედებითი დასის უმრავლესობა გუშინ აცხადებდა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ჟორდანიას თანამდებობიდან გადადგომამდე რეპეტიციებში მონაწილეობას არ აპირებდა.