ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასი ხვალიდან რეპეტიციებს განაახლებს. გადაწყვეტილება კოლექტივმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ჟორდანიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ შეიტყო. ოპერის სოლისტები გიორგი ჟორდანიას მადლობას უხდიან, რომ მას "ვაჟკაცობა ეყო" და გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
როგორც ოპერის თეატრის სოლისტმა გოჩა დათუსანმა კულტურის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის ვინაობა ჯერ უცნობია.
ოპერის მთავარი დირიჟორის, ჯანლუკა მარჩიანოს განცხადებით, სამხატვრო ხელმძღვანელად მისი კანდიდატურა არ განიხილება და მსგავსი შეთავაზება რომც მიიღოს, არ დათანხმდება.
შემოქმედებითმა კოლექტივმა მადლობა გადაუხადა კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას და მის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის. მათი შეფასებით, გადაწყვეტილება მიღებულია ხელოვნების განვითარებისა და ოპერის თეატრის მომავალი გამარჯვებებისთვის.
მუსიკოსები ხვალ, 13:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში განთავსებულ ოპერის სარეპეტიციო დარბაზში შეიკრიბებიან, სადაც სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, ოპერის თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის ნაწილი სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ჟორდანიას თანამდებობიდან გადადგომას 11 იანვრიდან ითხოვდა.
საკუთარი მოთხოვნები დღეს მუსიკოსებმა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე წამოაყენეს. მათი ნაწილი მინისტრისა და მათი მოადგილეების გადადგომასაც ითხოვდა. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გიორგი ჟორდანიას გადაწყვეტილებას აქციის მონაწილეები ოვაციით შეხვდნენ.