საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინიციატივით სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური იწყებს თავისი ორი პროდუქტის - „საქმისწამოების ავტომატიზებული სისტემისა (eDocument)" და „ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის (eHRMS)" დანერგვისწინა პროცედურებს საქართველოს სამხარეო ადმინისტრაციებში.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნული სისტემების პრეზენტაცია გამართეს და კახეთის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციის, გამგეობების, მუნიციპალიტეტების, საკრებულოების მოხელეებს საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების ავტომატიზებული სისტემების შესაძლებლობები და ფუნქციონირების თავისებურებები გააცნეს.
პრეზენტაციას კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი დაესწრო.
აღნიშნული პროგრამული სისტემები უზრუნველყოფს საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების სფეროში დასაქმებულთათვის ინფორმაციების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობასა და კომპიუტერიზაციას, დოკუმენტაციაზე, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული პერსონალის ერთიან მონაცემთა ბაზაზე სწრაფ წვდომას და ეფექტურ ელექტრონულ მართვას.
აღსანიშნავია, რომ პროგრამული სისტემების იმპლემენტაცია და გამოყენება სამხარეო ადმინისტრაციებისათვის განხორციელდება უსასყიდლოდ.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)