თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, დავით საყვარელიძე, უკვე სოხუმის თეატრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია. დავით საყვარელიძე 6 თვის განმავლობაში იქნება თეატრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, რის შემდეგაც ოფიციალურად დაინიშნება ამ თანამდებობაზე.
„2015 წელს სოხუმის თეატრს 130 წელი უსრულდება. ეს არის ძალიან დიდი თარიღი.
სოხუმის თეატრს გლობალურად ვუყურებ. კულტურით, ხელოვნებით უნდა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რა კონფლიქტებიც არსებობს. ხელოვნებით, კულტურით შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკება შერიგებაზე. სახელოვნებო მიგრაცია პრობლემაა. ამ საქმეში პატარა აგურს თუკი დავდებთ, ძალიან კარგი იქნება. ამ თემაზე საუბრის უფლება აქვს მხოლოდ სოხუმის თეატრის დასს, რომელმაც ყველაფერი გამოიარა.
მე მგონია, რომ სოხუმის თეატრს მართლაც ვჭირდები. ამიტომ, ვისაც ვჭირდები იქ ვარ. ჩემს თავს ვერ ვხედავ ჯერ-ჯერობით რუსთაველის თეატრის დირექტორის ამპლუაში, რადგან იქ სხვა სამყარო და სხვა მოთხოვნებია. 9 წელი ვიყავი ოპერის თეატრის მმართველი და დღეს რაც ხდება ოპერაში ხედავთ კიდეც.
მე არ მინდა მქონდეს ურთიერთობა საქართველოს კულტურის სამინისტროსთან. მე მაქვს აფხაზეთის კულტურის სამინისტროსთან ურთიერთობა. ჩემი ხედვა თეატრების მიმართ არ ემთხვევა საქართველოს კულტურის სამინისტროს ხედვას. მე არ მინდა ვიყო შეზღუდული. ბატონი დიმა ჯაიანი ხელოვანი ადამიანია და იცის რას ნიშნავს ჩარჩოებში მოქცევა" . - აღნიშნა საყვარელიძემ „რეპორტიორთან" ინტერვიუში.